სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“ 25 მლნ აშშ დოლარისა და 15 მლნ ევროს ოდენობის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების ემისია „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ემისია წარმოადგენს სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითს.
„მინდა მივულოცო „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ 25 მლნ დოლარისა და 15 მლნ ევროს ღირებულების საჯარო ობლიგაციების წარმატებული გამოშვება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ამ კომპანიასთან არაერთი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. ამასთან, მადლობას ვუხდი „გალტ & თაგარტს“ – საინვესტიციო ბანკს, რომელიც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის საწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის წვლილი ამ პროცესში, რომელთან ერთადაც პროგრამის შემდგომ დახვეწასა და გაფართოებას ვგეგმავთ. უახლოეს პერიოდში არაერთი პოზიტიური ცვლილება გვექნება და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით ვუპასუხოთ“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მიხეილ ხიდურელმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა, სადაც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.
პრესკონფერენციას მიხეილ ხიდურელთან ერთად ესწრებოდნენ „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი.
