„მე ვარ ავტორიტარი? მე საქართველოს მთელი მსოფლიოსთვის ჰორიზონტები გავუხსენი, ქვეყანა მსოფლიო რუკებზე ავიყვანე“, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ონლაინრეჟიმში ჩართვის დროს განაცხადა.
სააკაშვილმა პროცესზე პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ პოლიციის მოქმედება რომ არ მოეწონა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა:
„ამბობენ – „სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი“ – ხალხო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი? 7 ნოემბერს პოლიციის მოქმედება რომ არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ყველაფერში რუსი ოლიგარქისა და რუსეთის ხელი ერია, პრეზიდენტობიდან გადავდექი და ვადა შევიმცირე…
მე ვარ ავტორიტარი? შევქმენით სრულიად ახალი განათლების სისტემა, რომელიც სწორედ თავისუფლებაზე დამყნობილ ქართულ გენს ავითარებდა და ავითარებს ჯერ კიდევ, ვიდრე ყველაფერს არ მოხურავენ. ესენი ყველაფერს მოხურავენ, თუ ეს ბრძოლა ბოლომდე არ მივა“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.