LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ გვჭირდება გადაჯგუფება, ვართ ბევრნი და გავხდებით უფრო მეტი

39

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ის წევრები, ვინც პარლამენტში უნდა შევიდეს, აუცილებელია, შეხვდნენ რეგიონებში მხარდამჭერებსა და აქტივისტებს და კონსულტაციები გამართონ. ოდესის გუბერნატორმა მიმართვა “ფეისბუქით” გაავრცელა.

”ივანიშვილმა როგორც დააანონსა და მოიპოვა დიდი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეეცდება თავისი გეგმების განხორციელებას პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების, საპრეზიდენტო პირდაპირი არჩევნების გაუქმების, ის აუცილებლად შეეცდება ”რუსთავის 2”-ის მთელი მენჯმენტის გამოცვლას და მთლიანად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ზოგადად, მედიის აბსოლუტურ კონტროლს.

ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება გადაჯგუფება. ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი და გავხდებით კიდევ უფრო მეტი მომავალში და ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს.

რაც შეეხება ამ მძიმე დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში მონაწილეობის მიღებაში ერთადერთი ოპოზიციური ძალის, ”ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობას, ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა აზრი. მე ვფიქრობ, რომ დღეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეული დეპუტატების და პარლამენტში დაშვებული დეპუტატების  როგორც მინიმუმ ვალდებულებაა, შეხვდნენ საქართველოს ყველა რეგიონში ხალხს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ჩვენს აქტივისტებს, ვის მხრებზეც გადაიარა ამ არჩევნებმა და მანამ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე, იკითხონ ჩვენი აქტივის, მხარდამჭერების და ზოგადად საზოგადოების აზრი. ეს არის დემოკრატიული, ეს იქნება პატიოსანი და ასეთი კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრად სწორი და ეფექტური გაგრძელება მოჰყვება.

ჩვენ ვეკუთვნით არა უბრალოდ ჩვენ თავს, ჩვენ ვეკუთვნით ჩვენს მხარდამჭერებს , საქართველოს პატრიოტების ძალიან დიდი მასასჩვენ ვეკუთვნით ჩვენს ხალხს, ამიტომ, ხალხთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება და რამდენიც არ უნდა იფართხალოს ივანიშვილმა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში დამთავრდება ძალიან სერიოზული შემობრუნებით და საქართველოს წინსვლით.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით განსაცდელში, მაგრამ ყველაფერი რაც არ კლავს, აძლიერებს. ამ განსაცდელიდანაც გამოვალთ ბევრად უფრო გაძლიერებულები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, მოსყიდვებისა, ბინძური პროპაგანდის, ტყუილების არ შეეშინდა და ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოში ერთადერთ, ჩამოყალიბებული ბოლომდე ორგანიზებული ძალა არის  ღირსი მხარდაჭერის. მე არასოდეს პირადად არ დავივიწყებ და მუდმივად ვიქნები თითოეული თქვენგანის ვალში. ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. უნდა გავიაროთ, ეს პრობლემებიც, გადავწყვიტოთ და აუცილებლად მივიღებთ შედეგს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g