გიგი უგულავას ინიციატივას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, მისი ყოფილი თანაპარტიელი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე აფასებს.
როგორც მან „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, ის არ ეთანხმება უგულავას ინიციატივას.
„ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს პარტია და გაერთიანებები, არ უნდა იყოს ეკლექტური, სხვანაირად შედეგი ვერ იქნება.
სრულიად უდროო და არარაციონალური მგონია ეს ინიციატივა. უკვე აღარ არ საჭირო გაერთიანებები, კოორდინაცია, იმიტომ, რომ მომავალი არჩევნები არის პროპორციული არჩევნები. ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ მისი ამომრჩევლის დაკმაყოფილება შეძლოს და შემდეგ მოხდება გაერთიანება უკვე პარლამენტში“ – აღნიშნავს ბობოხიძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყველას გამაერთიანებელ ფიგურად მიხეილ სააკაშვილს ვერ მოიაზრებს.
„როდესაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულა, მას მომხრეები ჰყავდა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებში, მაგრამ მის მიმართ ხელისუფლების მომხრეების მხრიდანაც არ იყო ანტაგონისტური დამოკიდებულება. ლეგენდა იყო – დიდი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, რომელსაც ჰყავს ბევრი მომხრე, მაგრამ ჰყავს უფრო მეტი მოწინააღმდეგე. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი ყველას გამაერთიანებელ ფიგურად ვერ გამოდგება.
ჩვენ უნდა დავალაგოთ არა მიხეილ სააკაშვილთან და მის საწინააღმდეგოდ, არამედ ბიძინასთან და მის საწინააღმდეგოდ და ბიძინას მოწინააღმდეგენი უფრო მეტნი ვართ, ვიდრე მიშას მომხრეები. ამიტომ, უნდა მოხერხდეს ხმების კონსოლიდაცია არა რომელიმე ერთი კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის, არამედ ყველამ თავის ხმებს უნდა მოუაროს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, დღეს გიგი უგულავა ინიციატივით გამოვიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.