LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა” – ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი

410
misha-saakashvili

ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ინფორმაციას მედიასთან სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ადასტურებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა დაავადებამ, ტალასემიამ შიმშილობით  კიდევ უფრო დაამძიმა. ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს. მისივე თქმით, ის ამჟამად მხოლოდ წყალს სვამს.

„მოვინახულე პრეზიდენტი, სიტუაცია დამძიმდა. პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის მდგომარეობაში. ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია, რასაკვირველია, შიმშილობამ.
ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, თითქოს რვა კილოგრამი თაფლი აქვს და ლამის წვენების ქარხანა გახსნა საპყრობილეში, უარი თქვა ყველაფერზე. დააბრუნა ის წვენი, ერთი ბოთლი ჰქონდა და ასევე უარს ამბობს თაფლის მიღებაზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა მარტო წყალს სვამს. ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება ტალასემია.

„მე არასდროს მითქვამს ეს, მაგრამ დღეს მომცა უფლება, მეთქვა ამის შესახებ. ეს დაავადება იშვიათია, არ არის სასიკვდილო და რთული დაავადება, ტალასემიით ადამიანმა შეიძლება, იცოცხლოს ბევრი წელი და აბსოლუტურად ნორმალურად, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილობა. ამ დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. ეს იცოდა მან ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში.

მისი მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა. ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ახლა უფრო რთულადაა საქმე. უფრო მძიმედ დადის, ცოტა ლაპარაკი უჭირს და ა.შ.“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ „მთავარ არხზე“.

საქართველოს ექს პრეზიდენტი უკვე მე-10 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

 

“ფორტუნა” ინფორმაციის გადამოწმებას პენიტენციურ სამსახურში ცდილობს.

განახლება: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

უწყების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და ის, როგორც მოშიმშილე მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g