„სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც ევროპა მარაგდება და რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, დღემდე და უწყვეტად მუშაობს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის ელჩის გაწვევის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, კითხვა აქვს – რატომ გახდა საყვედურების ადრესატი საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ უკრაინას შეიძლება სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს.
„შეიძლება, უკრაინის ხელისუფლებაში ვინმეს მოლოდინი ჰქონდეს, რომ საქართველო რაიმე ფორმით ვალდებულია, მეორე ფრონტი გახსნას. ამაზე ზოგი ღიად საუბრობს, ზოგი – არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ნიშნებისგან დაცლილია, რადგან ასეთი განწყობა არ მაქვს, გარკვეული ლოგიკური კითხვები არის ელჩის გაწვევაზე როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.
მაგალითად, რატომ გახდა მაინცდამაინც საყვედურების ადრესატი საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ შეიძლება უკრაინას სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს. სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის – დღემდე და უწყვეტად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, არ გულისხმობს, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს, მაგრამ, როცა საქართველოს „სიფრთხილის გამოუჩენლობას სთხოვენ და თავად ყველა სიფრთხილით იქცევა, ეს სამართლიანი არ არის”.