ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შეჯამებასა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას.
კონფერენციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე – საჯარო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა არსებული პროგრესი განიხილეს და რეგულირების ეფექტურ მექანიზმებზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და ტრანსცხიმების აღმოფხვრის მიმართულებით, სამაგალითო ქვეყანა გახდეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არსებული პოლიტიკის დახვეწასა და ეფექტიანობის ზრდაში.
ღონისძიებაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და არაგადამდები დაავადებების პრევენციას. დაისახა კონკრეტული ამოცანები, რათა საქართველომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტრანსცხიმების ელიმინაციის სერტიფიკატი მოიპოვოს.
კონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოსა და ევროპის რეგიონული ოფისების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
