საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ ოჯახების მხარდამჭერ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილებების გაზიარება იყო.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ ოჯახური ღირებულებების დაცვისა და მხარდამჭერი პოლიტიკის განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ოჯახების კეთილდღეობისა და სტაბილურობის გაძლიერებას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ოჯახი წარმოადგენს ადამიანის კეთილდღეობისა და სოციალური სტაბილურობის საფუძველს. ქვეყნები, მათ შორის საქართველო, აქტიურად მუშაობენ ისეთ პოლიტიკაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, სიღარიბის შემცირებას და თითოეული ოჯახისა და ბავშვის კეთილდღეობის დაცვას.
მიხეილ სარჯველაძემ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რასაც სახელმწიფო ოჯახების გაძლიერების მიზნით ახორციელებს. ამასთან, მინისტრმა აქცენტი გააკეთა მრავალშვილიანი ოჯახების და მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთა მხარდაჭერაზე. ისაუბრა ბავშვთა მხარდაჭერის სახელმწიფო მექანიზმებზე, მათ შორის სოციალური დახმარების პროგრამებზე, დედათა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით არსებულ სერვისებზე და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვისა და ოჯახის ხელმისაწვდომობას აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე.
მინისტრთან ერთად, უნგრეთში გამართულ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უნგრეთში, ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
