რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ- FM“ ფესტივალის „საჩუქარი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თამრი ბზიავა და აღმასრულებელი მენეჯერი სოფო ქორიძე სტუმრობდნენ, რომელთაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ახალ – 27-ე სეზონზე ისაუბრეს.
წელს ფესტივალს ძალიან საინტერესო სლოგანი აქვს – „ხელოვნება იმედის ყველაზე სრულყოფილი გამოვლინებაა!“ – ცნობილი გერმანელი მხატვრის გერჰარდ რიხტერის სიტყვები ზუსტად ერგება ჩვენს ფესტივალს, რადგან პირველ რიგში, ახალგაზრდებს ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ნებისმიერ ადამიანს 40 წლამდე, ვინც თვლის რომ საინტერესო პროექტი აქვს, შეუძლია მოგვმართოს განაცხადით. მოგვიანებით, სწორედ ამ განაცხადების საფუძველზე შეირჩევა საუკეთესო, რომელიც დაფინანსებას მიიღებს, მის პროექტს კი, Biennale College-ის დირექტორატი განიხილავს. Biennale College – ჩვენი ახალი პროექტია, რომელიც ვენეციის ბიენალესთან თანამშრომლობით წამოვიწყეთ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ფესტივალი ყოველ წელს უამრავ სიახლეს სთავაზობს ახალგაზრდებს და ბევრ საინტერესოს აკეთებს მათთვის, რადგან „საჩუქარი“ ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული.
წელს ფესტივალის ჯილდო – მიხეილ თუმანიშვილის პრიზი „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ წამყვან ინგლისელ რეჟისორს, თანამედროვე ბრიტანული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელს დეკლან დონელანს გადაეცემა, რომელიც ექსპერიმენტული სპექტაკლით „ოიდიპოს მეფით“ (Oedipus Rex) გახსნის ფესტივალს 3 ნოემბერს „სილკ ფექთორი სტუდიოში“. სპექტაკლს ძალიან საინტერესო ფორმა აქვს, რადგან მაყურებელსაც მონაწილედ აქცევს. მეტად უჩვეულო სანახაობა იქნება, რომელიც მანამდე არასდროს უნახავს პუბლიკას.
4 ნოემბერს Focus Romania-ს ფარგლებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“ რუმინელი თეატრის მკვლევრის ოქტავიან საიუს წიგნის „ფედრა, ევრიპიდედან რასინამდე, სენეკადან სარა კეინამდე“ პრეზენტაციას მოაწყობს. წიგნს, რომელიც მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოიცა, თავად ავტორი წარუდგენს საზოგადოებას. გარდა ამისა, 2 ნოემბერს თეატრალურ უნივერსიტეტში მოეწყობა დეკლან დონელანის და ოქტავიან საიუს პრეს-კონფერენცია, რომელზე დასწრებას და ცნობილ ხელოვანებთან გასაუბრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
12 და13 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრი ევრიპიდის ლასკარადისისა და ბერძნული თეატრის „ოსმოსისის” ერთობლივ დადგმას „ლაპის ლაზულის” (Lapis Lazuli) უმასპინძლებს, რომელიც 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ სპექტაკლად ითვლება მთელ მსოფლიოში. იმედია, მაყურებელი ისიამოვნებს უჩვეულო სპექტაკლით, რომელმაც ხელოვნების პრაქტიკულად ყველა დარგი გააერთიანა მულტიპლიკაციის, კინემატოგრაფიისა და ქორეოგრაფიის ჩათვლით.
15 ნოემბერს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ჩვენი ფესტივალის, არგენტინის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის FIT Córdoba Mercosur-ს და საშემსრულებლო ხელოვნების კვლევითი ცენტრის La Parisina Casa de Arte-ს ერთობლივი პროექტის -არგენტინელი დრამატურგისა და რეჟისორის იგნასიო ტამანგოს მონო-პიესის „სიკვდილამდე დაბადების“ ერთგვარი კითხვა-პრეზენტაცია მოეწყობა. იმედი გვაქვს პუბლიკას ამგვარი სანახაობაც მოეწონება, რადგან პიესას ძალიან საინტერესო და აქტუალური ტექსტი აქვს, რომელიც ზუსტად ეხმიანება თანამედროვე რეალობას. წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში სამი ქართული სპექტაკლიც მოხვდა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ქეთის. სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ უცხოურ დადგმებთან ერთად პუბლიკას ქართველი რეჟისორების ნამუშევრებიც გაეცნო. წელს მაყურებელი მაია დობორჯგინიძის „უფრო ახლოს“, ივანე ხუციშვილის „უხერხემლოს“ და გოგი მარგველაშვილის „ეს ასეა, თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა“ იხილავს.