21 სექტემბერს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა წყევლა, ჯადო და სხვადასხვა ნეგატიური ზემოქმედებები იყო. ანზორ ოდიშარიამ გასცა რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა ესა თუ ის ნეგატიური ზემოქმედება, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და როგორ უნდა დავიცვათ თავი აღნიშნულისგან.
ანზორ, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დაგვწყევლეს ან ჩვენს სახელზე ჯადო გააკეთეს?
ეზოთერიკაში მსგავსი ზემოქმედებების ძალიან დიდი ჩამონათვალი და გამოვლინება არსებობს. ამ მიმართულებას სერიოზულობით უნდა მივუდგეთ და უნდა გავიაზროთ, რომ ყოველთვის ერთგვარად არ ხდება ეს ზემოქმედება და რომ ის იმდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, რამდენადაც შემსრულებლის ფანტაზია. მიხვედრა და შეგრძნება იმისა, რომ ჩვენ ნეგატიური მაგიური ზემოქმედების ტყვეობაში ვართ, არც ისე რთულია. ამ დროს ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები, ხდება დეპრესიული, არის უხასიათო, ნეგატიური და ტოქსიკური ყველაფრის მიმართ, კარგავს ფინანსურ წარმატებას, კეთილდღეობას და ა.შ. ეს არის ნიშნები, რომლებიც ყურადღებისკენ და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჯადო ან წყევლა გვაქვს. ფრთხილად უნდა იყოთ, თუ სახლში უცნაური წარმომავლობის ნივთებს ხედავთ, ამჩნევთ კვერცხებს, რომელთაც წარწერები აქვთ, გხვდებათ ცხიმოვანი მასები, თუ სახლში უცნაური სურნელი დგას, იკარგება ნივთები, გხვდებათ ჩარჭობილი ნემსები, მტვერი და ა.შ. საყურადღებოა თუ წინაპრის საფლავზე ვიღაცის ფოტო გხვდებათ. ჯადო არ არის მარტივი მოქმედება, პროფესიონალური ნეგატიური მაგიური ზემოქმედების მოხდენა ყველას არ შეუძლია, ასეთი ადამიანი ძალიან ცოტაა.
რამდენად საშიში და ცუდია, როცა მიცვალებულს ატანენ სხვა ადამიანის ფოტოს?
ეს ცუდია და თუ ასეთ ადამიანს ძლიერი დამცავი ენერგეტიკა არ აქვს ან მკვდართა სამყაროში არ ჰყავს ისეთი ადამიანი, ვინც დაიცავს და ამ უბედურებას ააცილებს, მაღალი ალბათობით ამან შეიძლება კონკრეტული ადამიანის გარდაცვალება გამოიწვიოს ან მიიყვანოს სრულ ფიზიკურ და გონებრივ განადგურებამდე.
ამბობენ, რომ ადამიანს, რომელიც ჯადოს აკეთებს, ეს ყველაფერი უკან უბრუნდება. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება?
მაღალია ალბათობა იმის, რომ მას, ვინც ჯადოს გაკეთებას უკვეთავს, ეს ყველაფერი დაუბრუნდეს.
გარკვეული ვადები და ხანგრძლივობა აქვს ჯადოს თუ რა განსაზღვრავს მისი მოქმედების პერიოდს?
დიახ, ამ ყველაფერს თავისი პრინციპები აქვს. მაგალითად, სასიყვარულო ზომბირება თვეში ერთხელ ახლდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასიყვარულო ზომბირება ისჯება და კონკრეტულ წყვილს, როცა შვილები ეყოლებათ, ეს შვილები აუცილებლად იქნებიან ავად, იქნებიან დამცავი ფუნქციის, იმუნიტეტის გარეშე. როდესაც მსგავს ზემოქმედებას უტარებთ ადამიანს, ის ყველანაირი ბრძოლის, მოპოვების, დამტკიცების და ა.შ. უნარს კარგავს. აქედან გამომდინარე, თქვენ ის ადამიანი სახლში გეყოლებათ ისე, როგორც ცხოველი, რომელსაც უნდა მოუაროთ, უპატრონოთ და ა.შ. , ანუ ეს ადამიანი თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ გადმოვა. აღსანიშნავია, რომ ადამიანებს, რომლებიც მსგავს ზემოქმედებებს მიმართავენ, ნევროზი, ნევროტული პრობლემები აღენიშნებათ, რადგან ისინი ყოველდღე იაზრებენ იმას, რომ კონკრეტული ადამიანი მათ გვერდით საკუთარი ნებით არ არის.
მამაკაცები უფრო ხშირად მიმართავენ ჯადოს თუ ქალბატონები?
კვლევების მიხედვით ქალბატონები უფრო ხშირად მიმართავენ ჯადოს, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალების და მამაკაცების პროცენტული მაჩვენებელი ერთმანეთს მიუახლოვდა. შესაბამისად, მრავლად არიან მამაკაცები, რომლებიც მსგავს ზემოქმედებებს მიმართავენ.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჯადოს წავაწყდებით?
პირველ რიგში, უნდა გადაუღოთ სურათი, რომ მისი მდებარეობა დააფიქსიროთ. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ხელით, რადგან შეიძლება, ისეთი კოდი, ისეთი შელოცვა იყოს მასში ჩადებული, რომ ფიზიკური კონტაქტის დროს შეიძლება უფრო გაძლიერდეს მისი ზემოქმედება. ჩაიცვით რეზინის ან ცელოფნის ხელთათმანები და თუ ამ ნივთის ზომა საშუალებას მოგცემთ, ქილაში მოათავსეთ და შემდეგ ეს ქილა მოათავსეთ მუქი ფერის ცელოფანში. ქილა აუცილებლად ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული და მასში არ უნდა აღწევდეს არც ჰაერი და არც შუქი. აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ის ადგილი, სადაც ეს ნივთი აღმოაჩინეთ. თუ თქვენ მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი ხართ და გყავთ სასულიერო პირი, რომელიც ამ მიმართულებაში ერკვევა, შეგიძლიათ, მას გაანდოთ ეს ინფორმაცია და ჰკითხოთ, თუ როგორ მოიქცეთ. ის აუცილებლად წაიკითხავს სპეციალურ ლოცვებს, ჩაატარებს რიტუალს აიაზმა და ა.შ. ჯადოს აღმოჩენისას აუცილებლად წინდახედულად უნდა მოიქცეთ, ინფორმაცია არ უნდა გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში, არ უნდა მოსდოთ მთელ ქვეყანას, რომ მსგავსი რამ იპოვეთ, რადგან შეიძლება ეს ინფორმაცია იმ ადამიანამდეც მივიდეს, ვინც ეს ზემოქმედება მოახდინა. შესაბამისად, როცა ეს ინფორმაცია მასთან მივა, ის გაიგებს, რომ ერთი უკვე აღმოჩენილია და საჭიროა მეორეს გაკეთება. ჯადოს აღმოჩენის შემდეგ სასურველია, რომ თქვენი ენერგეტიკის, აურის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის სპეციალური წმენდა ჩატარდეს. მსგავს მოქმედებებში პროფესიონალი ეზოთერიკოსი დაგეხმარებათ. ის დაიწყებს თქვენს წმენდას, გათავისუფლებას, ყველაფერს ჰარმონიაში მოიყვანს და დაგადებთ ენერგეტიკულ დამცავ ფარს, რომლის მოქმედებაც 7, 12, 20 წელი გრძელდება.
ხშირად გამიგია, თუ დიდი რწმენა გაქვს და ეკლესიურად ცხოვრობ, შენზე ჯადო და წყევლა ვერ იმოქმედებსო. აღნიშნული რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
მხოლოდ რწმენა რომ იყოს საკმარისი, არ იქნებოდა რიტუალები, სპეციალური ლოცვები, სწავლებები და მიმართულებები.
დღესდღეობით, სოციალური ქსელების მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის ფოტო ხელმისაწვდომია. ეს რამდენად საშიში და საფრთხილოა?
ადამიანს თუ თქვენი ფოტო სურს, მას სოციალური ქსელის გარეშეც მოიპოვებს, მოვა და თავად გადაგიღებთ შეუმჩნევლად. შესაბამისად, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. ოცდამეოთხე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად