ტელე და რადიოწამყვანი, მიკი ჯეჯელავა მცირე ხნის წინ ჯერ ტელევიზიას დაუბრუნდა, “მთავარი არხის” დილის გადაცემის საშუალებით, სულ ახლახან კი – რადიოს და კონკრეტულად, ,,ფორტუნა პლუსს“, რომლის ეთერიდანაც პირველად 2007 წელს მიესალმა მსმენელს.
როგორც მიკიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ის სივრცე, რომელიც ყველაზე ძალიან ენატრებოდა და მას დიდხანს აღარ დაემშვიდობება.
მიკი ჯეჯელავა:
ისე მოხდა, რომ ოთხი წლის წინ გავქრი ტელევიზიიდანაც და რადიოდანაც, გადავედი სხვა სფეროში, რაც გულისხმობდა საფესტივალო ცხოვრებას. ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ დროის სიმცირის გამო, მომიწია ტელევიზიიდან და რადიოდან წასვლამ.
ოთხი წლის შემდეგ, როცა დრო გამომიჩნდა, ჯერ ტელევიზიას დავუბრუნდი, შემდეგ კი რადიოდან შემომეხმიანა რეზო კაკულია, ,,ფორტუნა პლუსის” მენეჯერი. მან მკითხა, რომ არ ვიფიქრებდი რადიოში დაბრუნებაზე და დიდი სიამოვნებით დავუბრუნდი იმ სივრცეს, რომელიც ყოველთვის მიყვარდა და სულ მეყვარება.
რა გიზიდავს რადიოში ყველაზე მეტად?
საკმაოდ რთული ასახსნელია, რატომ მიყვარს რადიო ასე ძალიან, მაგრამ ფაქტია, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პირველად როდესაც გავედი რადიოეთერში, მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელსაც ვერასდროს დავანებებდი თავს, სწორედ ამას უკავშირდებოდა ჩემი გულისწყვეტა, რომ ოთხი წელი დროის სიმცირის გამო რადიოში ყოფნას ვერ ვახერხებდი. მიყვარს ყველაფერი, რაც რადიოს უკავშირდება, მიქშერი, ყურსასმენი თუ სტუდია და თან, მსმენელთან უხილავი კონტაქტი, ემოციური კავშირი, რომელიც ძალიან ამაღლებულია. ბავშვობიდან სულ მომწონდა ეკრანზე ყოფნის საშუალება და ასევე რადიოში მუშაობის შესაძლებლობა. ბევრ ადამიანთან კომუნიკაციის დამყარება ალბათ ისაა, რაც დღემდე მომწონს და ქმნის ჩემთვის განსაკუთრებულ ამბავს.
სხვათა შორის, ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი სხვა რადიოდან მქონია შემოთავაზება და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდა, არასდროს დავთანხმებივარ სხვა რადიოშეთავაზებებს. ალბათ, სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ ოდესმე ისევ დავუბრუნდებოდი “ფორტუნა პლუსს”.
როგორი იყო პირველი ეთერი, ოთხი წლის შემდეგ?
ზუსტად ისეთივე ემოციური, როგორიც 2007 წელს. ზუსტად იმავენაირად ვნერვიულობდი და იგივე პასუხისმგებლობა მქონდა. ბევრ რამეზე ვფიქრობდი ერთად. გამახსენდა ღელვა, რაც ოდესღაც იყო. გამიხარდა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სფერო აქტუალობასა და მიზიდულობის ძალას ჩემთვის არ კარგავს.
ალბათ, თავადაც აფასებ რადიოს მნიშვნელობას შენი კარიერის განვითარების კუთხით.
“ფორტუნა პლუსი” ნამდვილად ტრამპლინი იყო ჩემთვის. ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გამეხსნა გზა, პირველ რიგში, ტელევიზიაში კერანზე გამოჩენის თვალსაზრისით. რადგან თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე, თავიდანვე ვაცნობიერებდი იმას, რომ მექნებოდა სცენასთან, აუდიტორიასთან შეხება და ეს პირველ რიგში, სწორედ რადიოში მუშაობით დაიწყო. დროთა განმავლობაში დაიმსხვრა რადიოსთან მიმართებაში მისტიკურობის შეგრძნება და რადიოწამყვანის ხილვა ძალიან ადვილი გახდა, იმავე სოციალური ქსელის საშუალებით. სტუდიაში კამერები დამონტაჟდა, მსოფლიო მასშტაბით და ჩვენთანაც. ყველამ ნელ-ნელა ფეხი აუწყო ციფრულ სივრცეს და მსმენელამდე მეტი დოზით მივიდა წამყვანი, მისთვის შეეძლოთ არა მხოლოდ მოესმინათ, არამედ დაენახათ. ამისი ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი “ფორტუნა პლუსმა” შექმნა. ყოველთვის დიდი იყო ინტერესი მსმენელის მხრიდან ამ რადიოს წამყვანების მიმართ.
მსმენელი როგორ შეგხვდა?
ძალიან კარგად. მწერდნენ და მირეკავდნენ ის მსმენელები, რომლებიც ოდესღაც მისმენდნენ “ფორტუნა პლუსზე”. ზოგმა შემთხვევით მოისმინა ჩემი ხმა და წამოვიდა ბევრი პოზიტიური შეტყობინება, ზოგმა სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო, რომ რადიოს ისევ დავუბრუნდი და დიდმა არმიამ გადმორთო 103.5-ზე. მსმენელის მხრიდან აქტივობა პირველივე ეთერის შემდეგ ძალიან სასიამოვნო იყო.
რამდენ ხანს გაგრძელდება ამჯერად შენი გაჩერება რადიოში?
იმედი მაქვს, დიდი ხნით გაგრძელდება. ოდესღაც რომ ჩამიხუტა ამ რადიომ და მეც ჩავეხუტე, ჩვენ შორის გაჩნდა უხილავი ხიდები და მინდა, დიდხანს არ გაწყდეს. ბევრ სხვა სფეროში მოვსინჯე ძალები და ტელევიზიასთან ერთად, ისევ რადიოს დავუბრუნდი. ეს სფეროები ის არის, რაც მე მაცოცხლებს.
და თავადაც ძალიან კარგად ეწერები ამ სფეროებში. წარმატებებს გისურვებ.
დიდი მადლობა!.. თურმე ბევრი დრო დამიკარგავს და ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი