“მცირე ბიზნესის წამომწყებთათვის მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათას ლარამდე გაიზარდა” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს პირდაპირი დახმარება იქნება მათთვის, ვინც ახალი ბიზნესის დაწყებას და გარკვეული რისკების საკუთარ თავზე აღებას გეგმავს.
“ცვლილებები იქნება “აწარმოე საქართველოში”, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ. ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. გამოვყოფ მხოლოდ ერთს, რაც ასევე მნიშვნელოვანია – მიკრო გრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად მუშაობდა ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე. ეს არის ასევე პირდაპირი დახმარება ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან, ამ გაურკვევლობაშიც დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში, დაასაქმონ სხვაც. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ყველა იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელთაც სახელმწიფო ბიზნესის დასახმარებლად აწარმოებს, მოქალაქეები ინფორმაციას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ,
“გარდა ამისა, მინდა, გითხრათ, რომ “აწარმოე საქართველო” ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მეშვეობით, პირდაპირ მივლენ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, ეს ნიშნავს, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სივრცეში განთავსდება. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მოქალაქეები, ფერმერები, მეწარმეები, ჩამოსულიყვნენ თბილისში და აქ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერკვიათ ამა თუ იმ პროგრამის დეტალები, ახლა ეს პროგრამები იქნება ადგილობრივ დონეზე რაიონში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოქალაქეები ეფექტიანად გამოიყენებენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.