მილანის პარკებსა და სკვერებში ბალახს უფრო იშვიათად გათიბავენ. მიზანი ფუტკრების, პეპლების და ჩიტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამის შესახებ Salam news წერს.
ხშირ ბალახში ძალიან ბევრი ცხოველი ცხოვრობს და საკვებსაც იქვე პოულობს. იქნება ეს მწერი, ჩიტი, მღრღნელი თუ სხვა. ამიტომ, როცა გაზონებს რეგულარულად ჭრიან, იქ მობინადრეთა დიდი ნაწილი სახლისა და სარჩოს გარეშე რჩება.
გარდა ამისა, რაც უფრო მეტი სიმწვანეა ქალაქში, ადამიანებს ზაფხულის სიცხის გადატანაც უფრო უადვილდებათ.
მილანში 54-მდე საზოგადოებრივი პარკი, სკვერი და სხვა „მწვანე“ ზონაა, მთლიანობაში 1,3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის. დასაწყისისთვის გაზონებს რამდენიმე ადგილას გაზრდიან. ამ ზონების ირგვლივ დადგამენ ტაბლოებს, რომლითაც მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდიან.
საინტერესოა, რომ სხვა ევროპული ქალაქებიც აქტიურად ცდილობენ, რომ გაზონის მოვლა ბევრად ეკოლოგიური გახადონ. მაგალითად, სლოვაკეთში გადაწყვიტეს ზოგიერთ რაიონში ბალახს საერთოდ აღარ შეეხონ.