LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილოშ ფორმანის ექვსი საუკეთესო ფილმი

376
milosh

რა თქმა უნდა, მილოშ ფორმანის ყველაზე ცნობილ ფილმად კენ კიზის რომანის ეკრანიზაცია „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ითვლება, მაგრამ რეჟისორის მრავალფეროვან არსენალში არანაკლებ საინტერესო ფილმების მოძიებაც შეიძლება.

„ქერათმიანი ქალის სასიყვარულო თავგადასავლები“ (A Blonde in Love, 1965)

– ამერიკაში ემიგრირებამდე ფორმანი წამყვან აღმოსავლეთ ევროპელ რეჟისორად, ჩეხური „ახალი ტალღის“ ლიდერად ითვლებოდა. სწორედ ჩეხურ პერიოდს მიეკუთვნება ნეორეალიზმის სტილში გაკეთებული ფილმი არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით. რომანტიკული დრამა მაყურებელს ფეხსაცმლის ფაბრიკის რიგითი თანამშრომლის, ახალგაზრდა პროვინციალი ქალის  ისტორიას მოუთხრობს, რომელიც დიდ სიყვარულზე ოცნებობს, თუმცა მუდმივად იმედი უცრუვდება.

„გაფრენა“ (Taking off, 1971)

– ამერიკაში გადაბარგებულ ფორმანს ძალიან გაუჭირდა საკუთარი ადგილის პოვნა, რამაც თავის მხრივ, შემოქმედებითი კრიზისი გამოიწვია. საყვარელ პროფესიას დაბრუნება რეჟისორმა 1971 წელს აღნიშნა დრამით „გაფრენა“, რომელმაც ნაკლები წარმატება მიპოვა ამერიკაში, თუმცა ევროპაში არა მხოლოდ გაქირავების ლიდერი გახდა, არამედ კანის კინოფესტივალის გრან-პრიც დაიმსახურა.

„რეგტაიმი“ (Ragtime, 1981)

– ფორმანის მთავარი გმირები ყოველთვის პროტესტანტი ბუნტისთავები არიან, რომლებიც სახელმწიფო მანქანას ან საზოგადოდ დადგენილ ნორმებს უცხადებენ ბრძოლას. სწორედ „რეგტაიმში“ გამოჩნდა პირველად მსგავსი გმირის სახე, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლად ქცეული იარაღით ხელში ცდილობს სამართლიანობის მოპოვებას.

„ამადეუსი“ (Amadeus, 1984)

– მართალია, ბიოგრაფიული ფილმი, რომელმაც რვა „ოსკარი“ და უამრავი პრესტიჟული პრემია დაიმსახურა, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს მიეძღვნა, მაგრამ სიუჟეტს არა რეალური, არამედ სცენარისტის პიტერ შეფერის გამოგონილი ისტორია დაედო საფუძვლად, რადგან სინამდვილეში ანტონიო სალიერი საკმაოდ ნიჭიერი, მეტიც, მოცარტზე ბევრად პოპულარული კომპოზიტორი იყო, რომელიც უზარმაზარი პატივისცემით სარგებლობდა.

„ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ (The People vs Larry Flynt, 1996)

– კიდევ ერთი ბიოგრაფიული ფილმი, რომელმაც სკანდალურად ცნობილი ჟურნალის Hustler-ის შემქმნელის ისტორია მოუთხრო მაყურებელს. მართალია, ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, მაგრამ „ოსკარის“ გარეშე დარჩა, რაც პირველ რიგში იმ პურიტანი აქტივისტების დამსახურება აღმოჩნდა, ვინც ბოიკოტი გამოუცხადა ლარი ფლინტს და მასზე შექმნილ ფილმს.

„ადამიანი მთვარეზე“ (Man on the Moon, 1999)

– მორიგი ბიოგრაფიული ფილმის დადგმა ფორმანმა ცნობილი კომიკოსის ენდი კაუფმანის ცხოვრების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. თუმცა ბაიოპიკის ქვეტექსტად მაინც მისი საყვარელი – მარტოხელა  გმირის უმრავლესობასთან ბრძოლის თემა იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები