ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი 21-23 იანვარს საქართველოში იმყოფებოდა.
მისი ვიზიტის შესახებ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან შეხვედრისას კომისარმა წამოჭრა გამოცემების, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც საქართველოში ვიზიტისას მან ციხეში მოინახულა.
„იმის განსჯის გარეშე, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული სამომავლოდ მის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ახლა წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის დაუსაბუთებელი და სერიოზულად ვარ შეშფოთებული მისი სიტუაციით”, – ამბობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.