LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მანკიერი მხარეები მოსწავლეებთან ერთად, ხალის-ხალისით აღმოვფხვრა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა“ – გაიცანით, ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი, 23 წლის ლევან ყაულაშვილი, რომელიც დირბის საჯარო სკოლაში ჩინური ენის სწავლების დანერგვას გეგმავს

618
ლევან ყაულაშვილი

23 წლის ლევან ყაულაშვილი დემოკრატიულ პრინციპებსა და ღიაობაზე დაფუძნებულ მართვის სტილს ირჩევს და ინოვაციების დანერგვით, სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას გეგმავს. ქართულ სასკოლო სივრცეში ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლას უხელმძღვანელებს.

წარმატების წინაპირობად შრომისმოყვარეობას, განათლებას და მიზანსწრაფულობას მიიჩნევს და სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას აპირებს სკოლაში, რომელსაც 379 აღსაზრდელი ჰყავს.

რა გზა გაიარა სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორის სტატუსის მიღებამდე, როგორ შეხვდნენ ახალ დირექტორს დირბის სკოლის აღსაზრდელები, რა სიახლეებს გეგმავს და რატომ აპირებს სკოლაში ჩინური ენის სწავლების დანერგვას – ლევან ყაულაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრობს.

პროფესიით ჟურნალისტი ლევან ყაულაშვილი დირბის სკოლის დირექტორად 2 თვის წინ დაინიშნა. სკოლაში მასწავლებლის პროფესიით არასდროს უმუშავია, თუმცა უკვე მრავალი წელია, აბიტურიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებით განაგრძო.

უკვე 5 წელია, ქართულ ენაში აბიტურიენტებს ამზადებს. მასწავლებლად მუშაობდა მოსამზადებელ ცენტრში – Team Education Georgia. იყო სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელი 2019-2021 წლებში. 2020-2021 წლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში მუშაობდა მრჩევლად, 2023 წელს კი მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა ჩააბარა.

„სკოლის დირექტორად ორი თვის წინ დავინიშნე. კომპეტენცია დირექტორობის გამოცდით დავადასტურე, განათლების სამინისტროში სხვადასხვა კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, სამინისტრომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა, შემდეგ შევხვდი სამეურვეო საბჭოს, რომელმაც დირექტორად ამირჩია.

რეგისტრაციის დროს უთითებ სამ სკოლას, რომელიც შენთვის უფრო მისაღებია. ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ორი პატარა და ერთი დიდი სკოლა ავირჩიე. როდესაც სამინისტროში გასაუბრება გავიარე, ალბათ, მიიჩნიეს, რომ დიდი სკოლისთვის უფრო სარგებლიანი ვიქნებოდი.

საჯარო სკოლაში მასწავლებლად არასდროს მიმუშავია, ამ მხრივ პირველი გამოცდილებაა, თუმცა განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში, ინსტიტუტსა და ცენტრში ოფიციალურად მუშაობა საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობას გულისხმობს.

ამ სკოლაში არ მიმუშავია, არც არავინ მიცნობდა, მაგრამ მოვეწონეთ და დამიტოვეს“, – აღნიშნავს ლევან ყაულაშვილი.

სასწავლო წლის დაწყებამდე, პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან უკვე შედგა:

„როდესაც ვთქვი, რომ დავრეგისტრირდი და დირბი ავირჩიე, ცხადია, სკოლასაც მალე მოედო ეს ამბავი. მოსწავლეები რომ იგებენ, ახალი დირექტორი ვარ, გასაცნობად მოდიან.

ეროვნულ გამოცდებამდე, მე-12 კლასის მოსწავლეებს შეხვედრა ვთხოვე, წარმატებები ვუსურვე, რჩევები მივეცი და ფსიქოლოგიურად მოვამზადე.

პედაგოგიურ კოლექტივს ნაწილობრივ ვიცნობდი. დირბის სკოლა ჩემს სოფელთან ძალიან ახლოს არის და აქ მანამდეც ვყოფილვარ. ვიცნობ სკოლის სპეციფიკას და ვიცი მისი მდგომარეობა – გავეცანი 7-წლიან სამოქმედო გეგმას, რათა სკოლის შესახებ ბევრი რამ მცოდნოდა“, – გვიყვება ლევან ყაულაშვილი.

დირბის საჯარო სკოლის დირექტორი „ფორტუნას“ უყვება, თუ როგორ გეგმავს მოსწავლეებთან შეხვედრას ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს:

„ჩემი სკოლიდან ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს – ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს დირექტორი გვხვდებოდა და სიგელებს გვირიგებდა, რაც ბავშვებში ძალიან დიდ სიხარულს იწვევს. ეს პრაქტიკა დირბის სკოლაში არ არსებობს, ამიტომ მსურს, გავაკეთო მიღების ღონისძიება, რომელზეც მწერალ დათო ტურაშვილის მოწვევას ვგეგმავ“, – აღნიშნავს ლევან ყაულაშვილი და იმ ინოვაციებზე საუბრობს, რომლის დანერგვასაც სკოლაში აპირებს.

„მინდა, მანკიერი მხარეები ხალის-ხალისით, ბავშვებთან ერთად აღმოვფხვრა.

როდესაც ბავშვებს შევხვდი და ვკითხე, თუ რა პრობლემებს ხედავენ, მაგალითად, ასახელებენ გაკვეთილზე მობილურების ჩამორთმევას. მოსწავლეები აღნიშნავენ: „თუ ჩამოგვართმევენ, ჩვენ არ ვართ პატარები – გავუძალიანდებით“. მსურს ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა იყოს, მაგალითად, საკუთარი ხელით შექმნან ყუთი, რომელშიც გაკვეთილზე შემოსვლის დროს ტელეფონებს ჩაალაგებენ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, გარე პროექტებში ჩართვის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მაშინ, როდესაც დირბის სკოლა რაიონში სოფლის სკოლებს შორის ყველაზე დიდია.

ამიტომ, მსურს, სკოლა მაქსიმალურად ჩავრთო გარე პროექტებში. თავისთავად, ვიმუშავებ სწავლის ხარისხზე. ვფიქრობ, რომ წარმატებული სკოლა წარმატებულ ლევან ყაულაშვილსაც უდრის და მსურს, რომ ეს ასეც იყოს“, – აღნიშნა მან.

ინოვაციებს შორის არის ჩინური ენა, რომლის სწავლების დანერგვასაც ახალი დირექტორი დირბის სკოლაში გეგმავს.

„ჩინურ ენაში პედაგოგიური გამოცდილება თავად მაქვს დაგროვებული – ჩაბარებული მაქვს კონფუცის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცდა, რომლის ნამუშევრები ჩინეთში სწორდება.

ჩინურს ამჟამად მოსამზადებელ ცენტრში – Global Education Georgia ვასწავლი.

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მე-10, მე-11, მე-12 კლასებში, მესამე არჩევით საგნად, უცხო ენად, შესაძლებელია, ჩინურის არჩევა.

როდესაც ჩემი კომპეტენციის შესახებ სამინისტროში ინფორმაციას წარვადგენ, თუ სოლიდურად მე არ ჩამთვლიან, აუცილებლად სხვა მასწავლებელს მოვიწვევ.

სკოლაში ჩინური ენის სწავლების დანერგვის სურვილი მხოლოდ ინოვაციას არ უკავშირდება, ვფიქრობ. რაც უფრო მეტი ენა იცი, მით უკეთესია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მოთხოვნადია აღნიშნული ენა.

საქართველოში, სამშენებლო სფეროში, ძირითადად ჩინეთის მოქალაქეები გხვდებიან და თითქმის ყველგან თარჯიმნის პრობლემაა, ასე რომ, ეს მათთვის შესაძლებლობა იქნება“, – ამბობს ლევან ყაულაშვილი.

პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, ლევან ყაულაშვილი, სამომავლოდ, სამეცნიერო საქმიანობას ჟურნალისტიკაშიც გეგმავს:

„როცა საშუალება მაქვს, ჟურნალსა და გაზეთში ვწერ. ერთ-ერთ რადიოში სტაჟირებას გავდიოდი, თუმცა, ამ ეტაპზე, პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება ვარჩიე.

მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ. სამომავლოდაც, ჟურნალისტიკაში სამეცნიერო საქმიანობას ვგეგმავ – ვაპირებ დოქტორანტურის გავლას.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გამოცდა მაღალ ქულაზე ჩავაბარე. ვფიქრობ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მივიღებ და გავაგრძელებ პედაგოგიურს საქმიანობას და პარალელურად, სამეცნიერო მიმართულებით, ჟურნალისტიკას არ ჩამოვშორდები“, – ამბობს ლევან ყაულაშვილი „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g