იტალიური გამოცემა Strade, სათაურით – „ევროპა, მარიხუანა და ვალდებულება თბილისის წინაშე: საუბრობს მერი კალაძე“, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს.
„2017 წლის ოქტომბრიდან, ხმათა 51%-ით იგი თბილისის – საქართველოს დედაქალაქის მერია. ხუთი წლის წინ, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ მთავრობაში, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, ენერგეტიკის მინისტრი გახდა. კახაბერ კალაძე – 40 წლის, რომელიც არც თუ ისე შორეულ წარსულში იტალიაში, მილანისა და გენუის მაისურებს ირგებდა, Strade-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პროექტებზე, ამბიციებსა და ხედვებზე გვიყვება“, – წერს გამოცემა კახა კალაძის შესახებ.
გამოცემასთან ინტერვიუში კახა კალაძემ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალიან კარგად აცნობიერებენ, თუ რა სარგებელს მოუტანს ევროპის ძლიერ, კონსოლიდირებულ ოჯახში შესვლა ქართულ დემოკრატიას.
„ამ ხალხს უპირველესად, აქვს იმის მოლოდინი, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება იმდენად მყარი, რომ ჩვენი ქვეყანა არასდროს ჩავარდება პოლიტიკური ავანტიურისტების ხელში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ – მთავარი ღირებულებაა ადამიანი. ეს ევროპული პოზიციაა და ევროკავშირი მხარში გვიდგას ჩვენი, ქართული ოცნებების რეალიზებაში,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
ევროპასთან ურთიერთობების განვითარების პარალელურად, თბილისის მერმა საქართველო-იტალიას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ძალიან მოკლე ხანში დამყარდა.
„ამ ხნის განმავლობაში, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის 18 შეთანხმება დაიდო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმართება ერთობლივი ბიზნეს ფორუმები, კონფერენციები, კულტურული ღონისძიებები. ჩვენ თქვენს ქვეყანას ვიგულებთ, როგორც ერთ-ერთ პარტნიორს და მეგობარს, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს მიზნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და ასევე, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ყოველთვის მივესალმები და ორმაგად ბედნიერი ვიქნები, როცა საქმე შეეხება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ – განაცხადა თბილისის მერმა.
იტალიური გამოცემა ასევე, დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს თბილისის მერს საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რაზეც კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჰუმანური, ტოლერანტული საზოგადოება უნდა შეიქმნას.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას, ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი კანონები არსებობდა. ნებისმიერი ნარკოტიკის მომხმარებელი, დილერი თუ მსხვილი შემომტანი თითქმის ერთნაირი სიმკაცრით ისჯებოდა. არაფერს ვამბობ სხვა, სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულებთან გათანაბრებულ სასჯელზე მოხმარებისთვის. სტატისტიკის მოყვანის გარეშეც ცხადია, რომ მარიხუანის მწეველი ციხეში ვერ გამოსწორდება, მით უმეტეს, სანამ ციხეების რეფორმას დავიწყებდით, იქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. ხალხი, ვინც მანამდე არ იყო მომხმარებელი, ნარკოდამოკიდებული გამოდიოდა იქიდან. ჯერ მოვაწესრიგეთ ციხეები. სერიოზული ომი გამოვუცხადეთ მსხვილ დისტრიბუტორებს, მოხდა სასჯელის შემსუბუქება მოხმარებაზე, ციხიდან გადავედით ჯარიმაზე.
ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარიხუანის მომხმარებისთვის დასჯის მექანიზმები არაკონსტიტუციურია. ეს აძლევს პარლამენტს საფუძველს და აკისრებს ვალდებულებას, საკანონმდებლო პაკეტი მოაწესრიგოს. ძალიან საინტერესო და საპასუხიმგებლო სამუშაო ელით ჩვენს კანონმდებლებს. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესი და დისკუსიაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება ცოტა იყოს მომხმარებელი და რაც შეიძლება მეტი იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და თუ ვინმეს დაემართა ისე, რომ გახდა მომხმარებელი, კი არ დავსაჯოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ჰუმანური, ტოლერანტული საზოგადოება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მან ინტერვიუში ასევე, არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა შორის თბილისის სწორად განაშენიანება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებიოთ არსებული პრობლემების მოგვარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძველი თბილისის რესტავრაცია და სხვა საკითხები დაასახელა.
„წარმატებებზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. წელიც კი არ შესრულებულა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რასაც თბილისელებს დავპირდი და რის გამოც ამირჩიეს, უკვე ყველა ამ დაპირების რეალიზაციის პროცესი დაწყებული გვაქვს. სწორედ მათი ბოლომდე მიყვანა იქნება ის წარმატება, რაზეც მერე ყველასთან სიამოვნებით ვისაუბრებ – ესაა თბილისის სწორად განაშენიანება, ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება, ეკოლოგია თუ რეკრეაცია, ძველი თბილისის რესტავრაცია თუ ახალი მშენებლობების ნორმაში მოყვანა.
რაც შეეხება პრობლემებს, ბევრი გამოწვევა გვაქვს. ორი ათეული წლის არასწორი მენეჯმენტის, ომისა და ბობოქარი პოლიტიკური პროცესების კვალი დედაქალაქს დღემდე ეტყობა და მინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგო. მინდა, მომავალმა თაობებმა თქვან, რომ მე კარგი მერი ვიყავი, რომ ჩემი ხელი დაეტყო თბილისს. ეს ამბიცია მაქვს და საამისოდ დაუღალავად ვმუშაობ,“ – განაცხადა კახა კალაძემ და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
თბილისის მერის თქმით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის სამსახურია და სამომავლოდაც, ამ მიმართულებით მუშაობას გეგმავს.
„როგორც ზემოთ ვთქვი, ამ პოლიტიკურ პოზიციაზე მინდა მაქსიმალურად მოვემსახურო თბილისს. პოლიტიკურ ამბიციებში ზოგადად, ორიგინალური ვერ ვიქნები, უფრო ძველმოდურიც კი ვარ – გულწრფელად მინდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ეს მინდოდა პირველი კარიერის პერიოდშიც, ამას ვგეგმავდი სამომავლოდ და ახლა მაქვს თვითკმარი პერიოდი – ვარ ქვეყნის სამსახურში. ამჯერად, ამ პოზიციაზე და წინასწარ არ ვგეგმავ შემდგომ პოზიციებს, მთავარი უკვე წლების წინ დავგეგმე და ამას ვატარებ ცხოვრებაში ყოველდღიურად – ვიყო ქვეყნისთვის სასარგებლო, ვაკეთო ქვეყნისთვის კარგი, ჩემი პოლიტიკური საქმიანობა იყოს პროდუქტიული ერთიანი, ძლიერი საქართველოს შექმნის პროცესში. მე კლასიკური გაგებით პატრიოტი ვარ, მწამს ქვეყნისთვის უანგარო თავდადების, ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობის ვალდებულების და საპატიო მისიის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ინტერვიუს ქართულ თარგმნას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.