ხშირ შემთხვევაში ქალების შრომა აუნაზღაურებელი და დაუფასებელია. განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ქალების შრომაა უხილავი. თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებიც ერთდროულად სასოფლო სამეურნეო და საოჯახო საქმეებს, განსაკუთრებული სირთულეების მიუხედავად, მაინც წარმატებით ასრულებენ. ამის მაგალითია ჩვენი რესპოდენტი, 26 წლის ალიონა ბურმისტოვა. ის კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში, ახალშექმნილ ოჯახთან ერთად რამდენიმე წელია ცხოვრობს და „ფორტუნას“ საკუთარი ცხოვრებისა და წარმატების დეტალებს უზიარებს:
რამ განაპირობა თქვენი სოფელში ცხოვრება?
დავიბადე და გავიზარდე რუსეთში. 2005 წელს საქართველოში ჩამოსვლა მომიწია. ძალიან მომეწონა ეს ქვეყანა. უკვე 15 წელია აქ ვცხოვრობ და ეს ჩემი მეორე სამშობლოა. აქაურობა განსაკუთრებით ხალხმა შემაყვარა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კარგი ხალხია ჩემს გარშემო. საქართველოში ჩამოსვლიდან 10 წელიწადში შევქმენი ოჯახი. ოჯახის შექმნიდან მალევე მეყოლა პატარა ბიჭი. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ახალ და პატარა ოჯახთან ერთად ცალკე წასვლა და დამოუკიდებლად, ჩემივე ძალებით რაიმეს შექმნა მინდოდა. ამის გამო მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი პატარა ბიჭი სოფლად წავედით. უკვე 3 წელია, რაც სტაბილურად სოფელში ვცხოვრობ.
რატომ მაინც და მაინც სოფელი, დამოუკიდებლად ყოფნას ქალაქშიც ხომ შეძლებდით?
გარდა იმისა, რომ ოჯახთან ერთად, დამოუკიდებლად მინდოდა ცხოვრება, ასევე ჩემი იდეა და მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებისთვის და თანატოლებისთვის დამენახებინა ყველანაირი შესაძლებლობა. ის, რომ სოფელშიც შესაძლებელია დამოუკიდებლად იცხოვრო და იყო წარმატებული. ამ ყველაფრის გასაქანი კი სოფელმა მომცა.
რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა სოფელში?
ჩვენ გვქონდა მიწის ნაკვეთები, რომლებიც დიდი ხნის მიტოვებული და დაუმუშავებელი იყო. გადავწყვიტე ყველა რესურსი საკუთარ ბიზნესად გადამექცია და მიწები სწორად გამომეყენებინა. ამასთან, პატარა ფერმაც მაქვს. ხანდახან, საჭიროების შემთხვევაში, 4 ადამიანსაც ვასაქმებ, რომლებიც ფერმის საქმიანობაში მეხმარებიან. თუმცა მთავარი საქმიანობა მაინც ჩემი ოჯახია. ვფიქრობ, დროს თანაბრად ვანაწილებ და ორივეგან წარმატებული ვარ.
რა სჭირდება მოსახლეობას იმისთვის, რომ სოფელში ცხოვრება შედარებით გამარტივდეს?
ჩემ შემთხვევაში, ვინაიდან მცირეწლოვანი შვილი მყავს, განსაკუთრებული პრობლემა სოფელში სკოლისა და საბავშვო ბაღის არარსებობაა. ბავშვებისთვის არ არის რაიმე სივრცე ან გასართობი ადგილი. სოფლის მთავარი და განსაკუთრებული პრობლემა კი გაზმომარაგების არარსებობაა.
15 ოქტომბერი, საერთაშორისოდ აღიარებული, „სოფლად მცხოვრები ქალების“ დღეა. საქართველოშიც, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ქალები უმნიშნელოვანეს როლს ასრულებენ და ერთდროულად პროდუქტიულ, რეპროდუქტიულ და სათემო საქმიანობას ეწევიან. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩრდილში ექცევა და მათი შრომა დაუფასებელი ხდება.