დღეს 21:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება. მისივე განცხადებით, ადგილზე სამზადისი მიმდინარეობს და 19:00 საათიდან ყველას ექნება საშუალება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროს.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დადებს იმ შედეგს, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელია, ელოდება.
„იცით, ამის შესახებ რამდენჯერმე დავაანონსეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლუქსემბურგთან იმართებოდა შეხვედრა და ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა, სტადიონზე მოხვედრა. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ბევრს აქვს სურვილი, დაესწროს ამ ტიპის შეხვედრებს. დღესაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოლოდინის რეჟიმში, რათა ეყიდა ბილეთები, თუმცა ყველამ ვერ მოახერხა, რადგან „დინამო არენას“ გარკვეული რაოდენობის ტევადობა აქვს.
შესაბამისად, როგორც ლუქსემბურგთან მატჩის წინ, ახლაც გადავწყვიტეთ, რესპუბლიკის მოედანზე შევქმნათ სივრცე, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება, მოვიდეს, უგულშემატკივროს თავის ეროვნულ ნაკრებს. ადგილზე განთავსებულია ეკრანები და 19:00 საათიდან შეგეძლებათ, მობრძანდეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ბიჭებს წარმატებები და გამარჯვებები ვუსურვო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელობის თამაშია, რამხელა პასუხისმგებლობაა, როგორ ელოდება სრულიად საქართველო. როგორც ყოფილი ფეხბურთელი, დღეს კი, დედაქალაქის მერი გეტყვით – ბიჭებო, გამარჯვებას გისურვებთ, წარმატებებსა და წინსვლას. მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე. ყველა სანტიმეტრი, მეტრი და მილიმეტრი უნდა იყოს მოგებული და დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია, ელოდება. წარმატებები და გამარჯვებები თქვენ და წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.