MINI-მ კომპანია Autohome-თან ერთად მოგზაურებისთვის საცხოვრებლის პრობლემა გადაჭრა – კარავი, რომელიც ავტომობილის სახურავის საბარგულში თავსდება და ბუნებაში დასვენებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
კარავი სახელად AirTop ”მინის” დიზაინერებთან ერთად შემუშავდა და როგორც ავტომწარმოებელი აცხადებს, Countryman-ის ახალი თაობის კონცეფციას შესანიშნავად ასახავს – თავისუფლებისა და თავგადასავლების სულს. დაკეცილ მდგომარეობაში კარავი სახურავის საბარგულისგან არაფრით განსხვავდება, მისი გაშლა უმარტივესია, მხოლოდ დამჭერების მოხსნაა საჭირო და სხვა დანარჩენი თავად კეთდება.
კარავის სიმაღლე გაშლილ მდგომარეობაში 94 სანტიმეტრია, სიგანე 2,1 მეტრი, სიგანე კი 1,3 მეტრია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ AirTop-ში ორი ადამიანი თავისუფლად ეტევა.
კომპლექტში შედის ალუმინის კიბე და კომპაქტური შუქდიოდური მანათობლები ელემენტებზე. კარვის განსაკუთრებული მაჩვენებლებია სითბოსა და ხმის მაღალი იზოლაცია, ნესტგამძლეობა, მწერებისგან დამცავი ბადეები და წვრილი ნივთებისთვის ჯიბეები.