საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვეზე მეტია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 320-ე საკანშია. 2012 წელს, როდესაც მისი მმართველობა დღეებს ითვლიდა, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ 2021 წელს თბილისში გაიმართებოდა მიტინგი, სადაც ადამიანები მისი სახელის სკანდირებით ციხიდან მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
რუსთაველის გამზირზე უამრავი მოთხოვნა გაჟღერებულა უცნაურიც და სამართლიანიც, საფუძვლიანიც და უსაფუძვლოც. ალბათ, ყველა მოთხოვნას აქვს არსებობის უფლება ისევე როგორც ყველა მოსაზრებას.
რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ როლები უნდა შეიცვალოს და სააკაშვილის ნაცვლად ციხეში თავად ბიძინა ივანიშვილი უნდა ვიხილოთ.
ალბათ, ამ შემთხვევაში ბევრს გაგვახსენდება ანდაზა „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.
არავინ იცის, ვინც ერთ დროს ხელისუფლებაშია, წლების შემდეგ სად აღმოჩნდება და ეს მხოლოდ ქართულ პოლიტიკას არ ახასიათებს.
მოდით, ნუ ვიმარჩიელებთ, რა იქნება ხვალ.
გავიხსენოთ უახლესი ჩვენი წარსული და ვნახოთ, ერთ დროს მინისტრთა სავარძელში მყოფებმა, რა გზა გაიარეს და ამჟამად სად იმყოფებიან.
თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულ მინისტრებზე. გამარჯვებული ხალხის მინისტრები თავიდან ყველამ შეიყვარა და ყველა იმედის თვალით შეჰყურებდა, თუმცა მოგვიანებით ბევრი რამ შეიცვალა.
მათ პირობითად მიშას მინისტრები დავარქვათ:
პირველი, ვინც ამ შემთხვევაში გვახსენდება, რასაკვირველია, ვანო მერაბიშვილია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უკმაყოფილების ტალღა 2006 წელს აგორდა. სანდრო გირგვლიანი მკვდარი იპოვეს თბილისის გარეუბანში ინციდენტის შემდეგ, რომელსაც სამინისტროს მაღალჩინოსნები და ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია ესწრებოდნენ.
2013 წლის 21 მაისს, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, კახეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დააკავეს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს.
მათ ბრალი წარედგინათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 5.2 მილიონი ლარის პარტიული აქტივისტების დასაქმებისთვის გამოყენებისთვის.
2013 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ მერაბიშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის.
2016 წლის სექტემბერში კი სასამართლომ მერაბიშვილს მიუსაჯა 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატ, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებისთვის.
2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 6-წლიანი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებიდან, ე. წ. „მატროსოვის ციხიდან“ გათავისუფლდა.
გათავისუფლების შემდეგ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის კვლავ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერი ნიკა მელია მასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
თავად მერაბიშვილი მედიამ ბოლოს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააფიქსირა, როდესაც მელიას დაკავებას გეგმავდნენ.
ოფისში შეკრებილ ოპოზიციონერებსა და ჟურნალისტებს მერაბიშვილმა ვაშლი მიუტანა.
მიხეილ სააკაშვილს ციხეში ბევრი მნახველი ჰყავს, თუმცა მათ შორის ჯერჯერობით არ ყოფილა ვანო მერაბიშვილი.
ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მინისტრი იყო და 2012 წლის 4 ივლისს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა იმავე წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოებაში მისი გათავისუფლების მოთხოვნა აგორდა.
შედეგად, 20 სექტემბერს, ახალაიამ თანამდებობა დატოვა.
2012 წლის 6 ნოემბრიდან ზის ციხეში, მოსამართლე ნათია გუდაძის განჩინებით, იგი ციხეს ტოვებს 2022 წლის 2 მარტს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი იყო ზურაბ ადეიშვილი.
2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე მუშაობდა იუსტიციის მინისტრად. 2004 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე. 2004 წლის ივნისიდან 2008 წლის იანვრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ნოემბრამდე ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი. 2008 წლის 2 ნოემბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.
საქართველომ ინტერპოლს ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადების თხოვნით 2013 წლის იანვარში მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება პატიმართა მიმართ 2012 წლის სექტემბერში „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ორგანიზებასა და პროვოცირებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას.
ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარი 2013 წლის ნოემბერში გამოსცა.
2015 წელს წითელი ცირკულარიდან ამოიღეს.
საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ინტერპოლის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარის გაუქმებამ. მთავარი პროკურატურა ირაკლი შოთაძე ამბობდა, რომ ინტერპოლმა ის ფაქტის წინაშე დააყენა და საკითხში ჩარევა შეუძლებელი იყო.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს და გერმანიის ფედერაციის საგამოძიებო უწყებების მიერ ერთობლივი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართული და არ გამორიცხავს, რომ ძალიან მალე ქართული მხარე მასზე გავიდეს.
დავით კეზერაშვილი თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწედ. შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ერთი პერიოდი ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო.
2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილი.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელს დავით კეზერაშვილს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით განუსაზღვრა, თუმცა ამნისტიის შედეგად, მას სასჯელი გაუნახევრდა.
ეს არის დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენი.
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.
კიდევ ერთ დაკავებულ მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ამბებს შეგახსენებთ.
2004 წლის 7 ივნისს ის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
16 დეკემბერს კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. 2005 წელს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საბაბით შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ზოგიერთმა გამოცემამ ოქრუაშვილის გავლენის შესუსტებისაკენ მიმართულ კამპანიად ახსნა. თუმცა მთავრობის წევრებმა უარყვეს ეს მოსაზრება.
2006 წლის 10 ნოემბერს, მთავრობაში ცვლილებების შედეგად, ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა.
2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა. 2 დღის შემდეგ ის მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი.
ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა გლდანის ციხეში.
2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი სცნეს პოლიტიკურ დევნილად, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს სასამართლოდან.
თუმცა მისი დაპატიმრებების სერია ამით არ დასრულებულა. ირაკლი ოქკრუაშვილი „ქართულმა ოცნებამაც“ დააკავა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე“ დააკავა.
2020 წლის 13 აპრილს
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2020 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა ის გიგი უგულავასთან ერთად შეიწყალა.
„არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს. ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები.
ზვიადის და მერაბის შემდეგ და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრებით ციხეების გადავსების მაგივრად დღეს საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში“. – განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება მის გადაწყვეტილებას გაიგებდა…
პოლ ვალერი ამბობდა: „ძალაუფლება ბოროტად გამოყენების გარეშე თავის მიმზიდველობას კარგავს“.
ალბათ, როდესაც ძალაუფლებაში მოდიან, არც ის უნდა დაივიწყონ, რომ მინისტრის სავარძლიდან ციხის საკნამდე ნაბიჯი არც თუ ისე შორია.