ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი საქართველოს ჩამოვიდა. ის 50 ადამიანთან ერთად საქართველოში, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რომელიც პირველ აპრილს აქვს, თუმცა დღეს დილითვე, საკუთარ სტუმრებთან ერთად, საქართველო დატოვა. მიზეზი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გახდა. ცნობილ ჟურნალისტს, მწერალსა და შოუმენს არ აპატიეს მისი გამონათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ „აფხაზეთი საქართველო არ არის“.
რამდენიმე ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პოზნერი საქართველოში მირანდა მირიანაშვილის მოწვევით ჩამოვიდა და სწორედ მის შინდისურ სახლში აპირებდა წვეულების გადახდას.
ვინ არის მირანდა მირიანაშვილი? პოზნერის უახლოესი მეგობარი მომღერალი გახლავთ, რომელიც დიდი ხანია, საქართველოდან წასულია. ის რუსეთში ცხოვრობს, ჰყავს რუსი მეუღლე, ბიზნესმენი ლეონიდ ოგარიოვი და ორი შვილი, ტყუპი ქალ-ვაჟი.
მირანდა რუსულ შოუბიზნესში და სახელოვნებო წრეებში მიღებული ქალბატონია. მის სამეგობრო წრეში გავლენიანი ადამიანები არიან, მათ შორის პოზნერიც დიდი ხანია, მირანდას ოჯახის ახლო მეგობარია. მირანდასთან მეგობრობს ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი, ასევე ტელეწამყვანი ივან ურგანტი. ეს ორი ცნობილი სახე საქართველოში სტუმრობისას სწორედ მირანდა მირიანაშვილისგან იღებს გულთბილ მასპინძლობას.
მირანდას მეგობარია ასევე ქართველი მხატვარი და მოქანდაკე, ზურაბ წერეთელი, რომლის სახლში გამართულ წვეულებებზე მირანდა ხშირად ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. ცნობილია, რომ წერეთელს ძალიან უყვარს ბოშური სიმღერები, მირანდა კი მათ კარგ შემსრულებლად მიიჩნევა და ბოშების ჯგუფთან ერთად ზურა წერეთლის სახლში გამართულ შეკრებებზე ხშირად მღერის ხოლმე.
მირანდა მირიანაშვილის სახლში, მოსკოვში ყოველთვის საინტერესო წვეულებები იმართება, რომლის მთავარი მოქმედი გმირი თავად მომხიბვლელი მომღერალი ქალი გახლავთ. მისი სტუმრები ხშირად არიან ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე, რომლებთან ერთადაც, მირანდას ცნობილი წითელი როიალის აკომპანემენტის ქვეშ უამრავი ქართული სიმღერა სრულდება ხოლმე.
მირანდა მირიანაშვილის მეგობრებს შორის ბევრი ცნობილი სახეა საქართველოში, მათ შორის, მაკა ასათიანი, მარინა ბერიძე, ეკა ნიჟარაძე, თეა გობეჯიშვილი, დათო ევგენიძე და სხვები. როდესაც მირანდა მირიანაშვილმა 2018 წელს პარიზში, ერთ-ერთ ცნობილ თეატრში, სოლოკონცერტი გამართა, მას ქართული და რუსული ელიტის წევრები სტუმრობდნენ და აპლოდისმენტებით ანებივრებდნენ…
მირანდა მირიანაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის, ზაალ ჩიქობავას პირველი მეუღლე გახლდათ.