LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიშელის დოკუმენტი ქართული სახელმწიფოს მდგომარეობის დიაგნოზია, “ოცნების” მთავარი “შეცდომა” იყო დოკუმენტზე ხელმოწერა, ამით აღიარა, რომ მისი მმართველობის პერიოდში სახელმწიფო კიდევ უფრო დაავადდა” – ლევან ალაფიშვილი

213
maxresdefault (1)

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, აცხადებს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის “კეთილ ნებასა” და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში იურისტმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგმა, ლევან ალაფიშვილმა ისაუბრა.

პირველ რიგში საინტერესოა როგორ შეაფასებდით მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას?

თქვენი შეფასებით რაში სჭირდებოდა ოცნებას არჩევნებამდე პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, რა მიზანს ემსახურება ოცნების გადაწყვეტილება?

„ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, მათი პარტიული კუთხით თუ შევხედავთ ძალიან პრაგმატული. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი ელექტორალური ბაზა, საარჩევნო მხარდაჭერა სულ უფრო მცირდება. რეალურად, ისინი დარჩნენ ე.წ ძველი გვარდიის, როგორც წევრების ასევე ამომრჩევლების იმედად, მათი გულის მოგების ან მათი გულის მობრუნების იმედად და სწორედ ამას ვადევნებთ ჩვენ ახლა თვალყურს.

დამალული არ არის, მედიითაც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია შიდა პარტიაში დაპირისპირების შესახებ ძველ და ახალ თაობებს შორის, რამაც პირველი ასეთი საჯარო შედეგები გამოაჩინა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე.

მერე მმართველ პარტიას ცნობილია თუ რა ძალისხმევა დასჭირდა მეორე ტურზე გამარჯვებისთვის და ეს იყო გადახდილი თუ შეპირებული ხარკი სწორედ იმ ძველი მხარდამჭერების მიმართ. თუმცა ახლა, რეალურად 2 წლის თავზეც დაინახეს, რომ ელექტორალური მხარდაჭერა ისეთი არ იყო, დასჭირდათ ის, რაც გასულ წელს გააკეთეს.

ჯერ დაინახეს, რომ ამ ელექტორალური ბაზის გაზრდა შეუძლებელია და შემდგომ ამისა დარჩნენ იმ მოცემულობის წინაშე, რომ შეიძლება შემცირდეს კიდეც მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს, ბუნებრივია, მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას შეამცირებს, რაც თავისთავად გადაითარგმნება ძალაუფლების გაყოფაში და ბუნებრივია, მთავრობას და პარლამენტს არჩევნებამდე ძალიან გაუჭირდება ამ მხარდაჭერით მისვლა.

სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს წელს, იგივე ღარიბაშვილის პოსტზე გამწესება, იგივე „უცნობის“ ვითომდა სპონტანურად ორგანიზებული აქცია, რომელსაც ყველა ნათლად დაინახავდა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორები, რომ ხელისუფლების ჩარევის გარეშე არ განხორციელებულა.

5 ივლისის მოვლენებიც ზუსტად ეს კონტექსტია და 19 აპრილის დოკუმენტიდან გასვლაც სწორედ ეს კონტექსტია. რეალურად, ეს არის გზავნილები და თამაში სწორედ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძველი ელექტორალური მხარდაჭერა, ძველი ამომრჩევლების გული ხელახლა მოაბრუნოს და წინასწარ იხდის ამ ყველაფრისთვის ფასს.

მხოლოდ და მხოლოდ ესაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია ან ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია, არამედ მთავარია ის, რაც ჩაიწერა ამ დოკუმენტში, ეს დოკუმენტი, ერთხელ საჯაროდ ვთქვი და უნდა გავიმეორო-ეს დოკუმენტი არის დიაგნოზი ქართული სახელმწიფოს მდგომარეობისა და დემოკრატიის მდგომარეობისა, მასში ფუნდამენტური დაავადებების შესახებაა მითითებული, სასამართლო არ არსებობსო, საარჩევნო სისტემა არ ვარგაო, პოლიტიკა პოლარიზებულიაო და აი ამას უნდა ემკურნალოსო და ამაზე ვთანხმდებითო.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი „შეცდომა“ მმართველი პოლიტიკური ძალისა იყო ამ დოკუმენტზე ხელმოწერა. ამით მან აღიარა, რომ მისი მმართველობის პერიოდში სახელმწიფო კიდევ უფრო დაავადდა, დასნეულდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუუარესდა. ეს აღიარა მან. ახლა გაიწვევს თუ არ გაიწვევს ხელმოწერას ამ დოკუმენტიდან უკვე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ეს პრობლემები იდენტიფიცირებულია.

არც ქვეყნის შიგნით ამომრჩეველი და არც საერთაშორისო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ესე ადვილად ამ საკითხებს და არა დოკუმენტს ასე ადვილად აღარ დაუთმობენ არცერთ პილიტიკურ ჯგუფს.

არაერთი განცხადება მოვისმინეთ, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების განცხადებაში ნათქვამია – „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მომავალი ადარდებს“.

მომხდარი ბევრმა მიიჩნია იმის ოფიციალურ დადასტურებად, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა. რას ფიქრობთ ამ შეფასებებზე?

ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია ჰქონდა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონსაც, ის „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს,

მოვისმინეთ ბევრი კრიტიკა, ახლა რას უნდა ველოდოთ საერთაშორისო პარტიორებისგან ბატონო ლევან? და ზოგადად, ანულირების მოტივი, რასაც ოცნება ასახელებს როგორ ჩანს მათ თვალში?

საერთაშორისო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, პირიქით, საერთაშორისო თანამეგობრობა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც, იქნებიან ევროპარლამენტარები თუ აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლები, პირიქით „ქართული ოცნების“ და მმართველი პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ ჯერ ხელმოწერით დადასტურებულ პრობლემებს და მერე ამ ხელმოწერის დეზავუირებას.

ისინი ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ასე წარმართავენ კონტექსტს, თქვენ აღიარეთ პრობლემები და მერე უარი თქმით მის გადაწყვეტაზე, აი ამ სტილით წარიმართება მათთან დიალოგი, თუკი ვინმე დიალოგის რეჯიმში დათანხმდა მმართველ პარტიასთან ურთიერთობას.

ბუნებრივია, ამ ფუნდამენტურ საკითხებს, რაც დემოკრატიასთანაა დაკავშირებული არ „დათმობს“ არცერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ ინტერესებშია, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია შენარჩუნებულ იქნეს ლიდერად რეგიონული თვალსაზრისით და არ დაუშვან საკუთარი წარუმატებლობა იმ მხარდაჭერის წარუმატებლობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს წლების განმავლობაში.

დასავლეთი არ დაგვთმობს და არ დაუთმობს ჩვენს თავს, ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსეთს.

და ბოლოს ოპოზიციის მიმათულებითაც მინდა გკითხოთ,

ჩვენ ვხდედავთ, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა,

“ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა თამარ კორძაიამ, მანდატზე უარი თქვეს ნიკა მელიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

თქვენი შეფასებით რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ შემთხვევაში ოპოზიციამ?

და თქვენი პროგნოზით, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში?

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, პარტიული პოლიტიკა მაქვს მხედველობაში დიდი ხანია ავადაა და ამაზე საჯაროდ ვსაუბრობ.

ჩვენ, პირველ რიგში, იმაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ საარჩევნო ადმინისტრაცია როგორ შევცვალოთ, არამედ პარტიული სისტემა როგორი გვაქვს, დემოკრატიული არის?

არადა დემოკრატიაში ერთადერთი ინსტრუმენტი ძალაუფლებაში მოსვლისა და ქვეყნის მართვისა არის პარტიული სისტემა.

პარტიული მმართველობა არ არის დემოკრატიული.

გაიხსენეთ ბოლო მინიმუმ ორი, სამი არჩევნები, არ გინახავთ, რომ ერთ დღეს ერთი ადამიანი იყო გამოკრული ბანერზე და მეორე დღეს იცვლებოდა?

ასე რომ პარტიის წევრებიც კი არ იცნობდნენ ამა თუ იმ ადამიანს, რომელიც სიაში იყო შეყვანილი თუ მაჟორიტარად იყო წარდგენილი.

ეს ხომ უცხო არ არის ჩვენთვის? ასე გრძელდება წლების განმავლობაში.

ჩვენ კომპლექსურად პოლიტიკური სისტემის რეფორმაზე, გაჯანსაღებაზე უნდა ვიფიქროთ და არა არსებულის გაკეთილშობილებაზე. არა ! დრომ დაადასტურა, რომ ის რაც გვაქვს იმის გაკეთილშობილება ჩვენი სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის დაბალი დონის გათვალისწინებით იმის გაჯანსაღება შეუძლებელია.

ჩვენ, როგორც მინიმუმ, საერთო ეროვნული არჩევნები, საერთაშორისო პატრონაჟით, მოქმედი პარტიების ჩართულობის გარეშე, საარჩევნო ადმინისტრაციის და თვისობრივად შეცვლილი პარტიული სისტემით უნდა გავიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა მუდმივად ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში იქნება და სულ იქნება რყევები სახელმწიფოებრიობაში.”-განაცხადა ლევან ალაფიშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g