„კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანება“ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, ღამის კლუბების მუშაობის განახლებასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუხედავად ნებართვის არქონისა და დაშინებისა, თბილისის კლუბები მუშაობას მაინც გააგრძელებენ.
„მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება:
თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანება აცხადებს, რომ საკლუბო სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ „მწარედ მოტყუებულები“ აღმოჩნდნენ.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი, თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს“, – ვკითხულობთ აღნიშნულია „კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანების“ განცხადებაში.
გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღამის კლუბები გაიხსნას
დღეს შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ ღამის კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია.
გაერთიანების შეფასებით, სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მათ მუქარის ენით ელაპარაკება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მანამდე კი, აღნიშნულ თემაზე განცხადება შრომის ინსპექციამაც გაავრცელა და განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.