“მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაგვიანებული ავტორიზაციის შესახებ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი არ უნდა გაჩერდეს,” – ამის შესახებ ექიმი, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს ამ ეტაპზე ფაიზერის ვაქცინის რესურსი ამოწურული აქვს, ხოლო ასტრაზენეკაზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული, რაც ვაქცინების დისპროპორციულ განაწილებას იწვევს. ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ვაქცინის გაკეთება უნდა შეეძლოს ყველას, ვისაც ეს სურს.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი საერთაშორისო სტრუქტურის ავტორიზაცია.
დღეისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 13 ვაქცინა გამოიყენება. ასობით მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული 13 ვაქცინა, მათგან მხოლოდ 3-ს აქვს ავტორიზაცია.ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაჩეროთ.
მოდერნას ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მისცა. მანამდე, 4 თვის განმავლობაში აშშ-სა და მსოფლიოში უამრავი ადამიანი აიცრა მოდერნას ვაქცინით. არ უკითხავთ, არის თუ არა ჯანმოს ავტორიზაცია”. – თქვა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, ვაქცინაციის პროცესი კი ხვალ, 4 მაისს დაიწყება.
საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა აქვს შეძენილი. დღეს გამართულ საბჭოზე ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულად, ჩინური ვაქცინით აცრას 18 წელს ზემოთ ნებისმიერი მოქალაქეებიც შეძლებენ.
სინოფარმის ვაქცინის ავტორიზაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული.