LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად პროგრესისა, საქართველოში სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს -იანოშ ჰერმანმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა

105

მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს. გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს. ზოგადად, სასამართლო რეფორმის სფეროში რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი. საქართველოს მთავრობას ეს ესმის“-ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განუცხადა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ელჩი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და  ოთხწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო.

იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, ბოლო ოთხი წელიწადი ამბიციური იყო.მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ბევრი რამ მოხდა და დღეს საქართველო ისეთი არ არის, როგორიც 2014 წელს იყო. ჰერმანმა ამ თვალსაზრისთ ხაზი გაუსვა, რომ ძალაში უკვე შევიდა ასოცირების შეთანხმება, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, რის შედეგადაც, მისი თქმით, ასობით ადამიანმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურა.

“საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში გზამკვლევი ასოცირების ხელშეკრულებაა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ სამოქმედო პროგრამა გაგვაჩნია. პრაქტიკაში ჩვენ ვადარებთ რეალობას ამ პროგრამასთან. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან კი ჩვენ ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, საქართველოს ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გავუწიოთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესრულების პროცესში. რაც შეეხება რეფორმებს, მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს. გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს. ზოგადად, სასამართლო რეფორმის სფეროში რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი. საქართველოს მთავრობას ეს ესმის

ევროკავშირი რეფორმების პროცესს ხედავს იმ სფეროებში, რომელიც არ განიხილებოდა, როგორც პრიორიტეტი, თუმცა კომპლექსურ საკითხად იქცა“. „ერთ-ერთი ასეთი სფერო გარემოს დაცვაა. ასოცირების ხელშეკრულებაში აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით ჩადებულია ვალდებულებები. ასევე არის ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ უკვე შესრულებულია. რამდენიმე სფერო ვახსენე საერთო პროგრესის კონტექსტში. ჩვენ ყოველ წელს ვაქვეყნებთ ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროგრესის თაობაზე. რაც შეეხება რეფორმების პროცესს, ზოგჯერ არ არის თანხმობა, არის დემოკრატიული დებატები და ეს კარგია ამ რეფორმებისთვის“,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა

იანოშ ჰერმანი დიპლომატიურ მისიას ასრულებს.რაც შეეხება მის შემცვლელს – ეს იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მრჩეველი კარლ ჰარცელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g