„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან საქართველოს პრემიერ – მინისტრის ვიზიტის დაბლოკვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა,რომ პრორუსული ქმედებების გამო ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ირაკლი ღარიბაშვილი პერსონა ნონგრატად გამოაცხადეს.
„გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაჭრით უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ამ ქვეყნებში ვიზიტზე უთხრა უარი. დღეს ძალიან ავტორიტეტულმა და სანდო ლიეტუვურმა მედია-საშუალებებმა ისევე როგორც ექსპერტებმა ამ ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურეს.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც ტყუის და აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტისა და მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილება.
ასეთი რამ არ ახსოვს ისტორიას, ეს არის უაღრესად საგანგაშო ფაქტი, ჩვენ მივედით საგანგაშო მდგომარეობამდე, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერ – მინისტრი ფაქტობრივად არის ნონგრატა და არასასურველი პიროვნება საქართველოს ყველაზე ახლობელ, ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებში, რაც კი ჩვენ გაგვაჩნია დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ”,-განაცხადა კანდელაკმა.