ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ „მიესალმება ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ“.
მისივე თქმით, ნიდერლანდები ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მზად არის.
„საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
ნიდერლანდები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებას გააგრძელებს და მზად არის ქართველ ხალხს ორმხრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ეს მოიცავს ჟურნალისტებისთვის დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას, როგორიც აირწინაღებია, რათა მათ თავიანთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება შეძლონ“, – აღნიშნავს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.