მარტვილში კურორტ ლებარდეს განვითარების კონცეფია ზაფხულისთვის მზად იქნება. ამის შესახებ ”ფორტუნას” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, კონცეფციაზე როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მთავრობა მუშაობს.
”კონკრეტული დეტალების გასაჯაროებისგან, ჯერჯერობით, თავს შევიკავებ, რადგან, ამ ეტაპზე, მხოლოდ სურვილი არსებობს. ერთადერთი ხელშესახები არის ის, რომ კეთდება გზა, რომელიც ერთ-ერთი სხვა პროექტის ნაწილია და ის აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვისვე იქნება მზად ლებარდეს განვითარების გეგმაც”, – განმარტა ალექსი გაბისონიამ.
მისივე თქმით, კურორტის განვითარება გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული, რადგან ლებარდე დიდი ხნის მივიწყებულია, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მთლიანი ინფრასტრუქტურა აღსადგენია და ინვესტორების მოზიდვა და სამუშაოების დაწყება სწორედ ამის შემდეგ იგეგმება.
”ვფიქრობ, ინფრასტრუქტურის აღდგენის შემდეგ, ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ დიდი იქნება, რადგან ლებარდეს აქვს პოტენციალი სერიოზული კონკურენცია გაუწიოს როგორც ბაკურიანს, ბახმაროს, მესტიას და სხვა კურორტებს”, – აღნიშნავს მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე.
მისივე განმარტებით, ლებარდე ოთხივე სეზონის კურორტია. შესაძლებელია, სათხილამურო ტრასის მოწყობა, აქვეა ალპური ზონაც, რომელიც ეკო ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
ბარნეოლოგიური კურორტი ლებარდე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1 600 მეტრზე მდებარეობს. იქ არსებული მინერალური წყლების გამოყენებით, 12 დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.