მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ავრცელებს.
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული და ოფშორული კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დაკავება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება გვაიძულებს შევუერთდეთ საერთო სტუდენტურ ინიციატივას და მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი საქართველოს უდიდეს დანაკარგს გულისხმობს და არავინ არ უნდა გაჩერდეს, ჩვენ ვიღებთ ხმას,რადგან ჩვენ სტუდენტები ვართ,ჩვენ არ ვივიწყებთ წარსულს და ჩვენ არ ვუგულებელყოფთ საქართველოს მომავალს.
მივმართავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს, ახლა, როცა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს დემოკრატიასა და ევროინტეგრაციის პროცესს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენგან პასუხს ელის, როცა ხელისუფლება რეპრესიებით გვემუქრება, აღარ არის აუდიტორიაში ყოფნის დრო, გთხოვთ შემოგვიერთდეთ.
ვუერთდებით საერთო სტუდენტურ-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე. ხვალ 6 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ სვლას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად.
მაშინ, როდესაც წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ არ დავრჩებით სახლებში და საჯაროდ ამოვიღებთ ხმას. ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება ახალგაზრდულ სულისკვეთებას, ერთიანობას, თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, ჩვენ არ გვეშინია“, – ნათქვამია განცხადებაში.
თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს
გაფიცულებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ