რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი გია ჯაჯანიძე გახლდათ, რომელმაც თავის დილის რუტინაზე ისაუბრა და მსმენელს გაანდო თუ როგორ იქმნის დილიდან პოზიტიურ განწყობას და როგორ ივსება ენერგიით.
-გია, როგორ ხარ?
-გადასარევად, უმიზეზოდ ბედნიერი ვარ.
-როგორ იწყება შენი დილა?
-ხასიათზე აღარ ვილაპარაკებ, თვალი რომ გავახილე და დავინახე, რომ გათენდა, უკვე გავბედნიერდი, ცოცხალი ვარ და ბედნიერი ვარ. რაც შეეხება დილის რიტუალს, დილით აუცილებლად ვსვამ 200 გრ. წყალს და მერე ვაშლს მივირთმევ, ამის შემდეგ უკვე მზად ვარ ცხოვრებისთვის.
-თუ არიან შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომელთაც შენი პოზიტიური მუხტი და გამხნევება სჭირდებათ დილით განწყობის შესაქმნელად?
-მე ვცხოვრობ დედასთან ერთად, აუცილებლად მოვეფერები ხოლმე. უსაყვარლესი და ძალიან კეთილია დედა, ზოგადად, ძალიან ცოტას ლაპარაკობს და ვგიჟდები ადამიანებზე, ვინც ცოტას ლაპარაკობს.
-ალბათ, ამის მერე მთელი დღე დახუნძლული ხარ ემოციებით…
-დილით 2 საათი ვიკრებ ძალებს. მიწიდან, კოსმოსიდან, ციდან ვიღებ ძალებს და სულ პოზიტიური განწყობით ვარ. იყავით მთელი დღე ბედნიერები და გიხაროდეთ.
-ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ბაღი გაქვს. ბაღი გეხმარება კარგი განწყობის შექმნაში?
-რა თქმა უნდა, მეხმარება ეს ულამაზესი ყვავილები, ახლაც ეზოში გამოვედი და მათ ვუყურებ. სხვათა შორის, ქოთანში ჩავრგე ცნობილი ფულის ხე, ყოველ მეორე დღეს ვრწყავ მხოლოდ მუქი ჩაით, ამ ყვავილმა წყალი რა არის არ იცის და ისეთი ფერი იზრდება, რომ ბუნებაში ასეთი ფერი არ მინახავს. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, დამყნობილი მაქვს სხვადასხვა ჯიშის ვაშლი და ვარდი. ახლა შედეგს ველოდები და ძალიან მინდა, რომ რაღაც მშვენება მივიღოთ.