„ძალადობრივი ფაქტები სრულიად მიუღებელია და სამწუხაროა, რაც მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით მოხდა“, – აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა განაცხადა და დასძინა, რომ ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ისაუბრებს.
დემსის თქმით, პირველ რიგში, სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა. როგორც მანვე აღნიშნა ეს აშკარაა, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ ითქვას. როგორც დემსმა თქვა, მას სჯერა, რომ ყველა დეტალი გაირკვევა.
„ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყო კონტროლირებული, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება. მე მჯერა, რომ თუ გინდა, დააფასო სიტყვის და პრესის თავისუფლება, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული.
რაც მოხდა პრესის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები დაკავებული არიან.
მჯერა, გაირკვევა ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით. ეს არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს, რომ აღარასდროს მოხდეს. ამ საკითხს განვიხილავთ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ პოლარიზაცია არავის ეხმარება,“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით, მას სჯერა – პრესას აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ სცადოს ამის განმუხტვა და სცადოს პოლარიზაციის დამშვიდება. დემსის სიტყვებით, მან იცის, რომ ეს არ არის ადვილი, რადგან პრესამ უნდა გადასცეს ამბავი და როდესაც ცუდი რამ ხდება, ეს უნდა გაშუქდეს.
„ეს თქვენი საქმეა, მაგრამ, ჩემი აზრით, დეპოლარიზაციის შემცირების მცდელობაში დახმარება საკითხის გადაწყვეტის ნაწილი იქნება. მეორე მხრივ, მჯერა, რომ ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქეები და მათ შორის, რასაკვირველია ჟურნალისტები, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ.
მე აქ არ ვარ, რომ ვინმე დავადანაშაულო, მე არ ვარ თქვენი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მაგრამ მაქვს უფლებამოსილება, ვთქვა, რომ როდესაც ეს ხდება საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს სრულად გამოკვლეული და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს“, – აღნიშნა რიკ დემსმა.
ინტერვიუსას გიორგი კაპანაძეს და მთავარი არხის ჟურნალისტს კორპუსიდან წყალი გადმოასხეს