LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მჯერა, რომ დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ” – სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს იწყებს

Salome-Zourabichvili

ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ’ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, საფრანგეთში მისი ვიზიტი ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყება.

„70-იან წლებში, როდესაც პირველად შევხვდი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, როგორც ფრანგი დიპლომატი, განსახილველი საკითხის ნაცვლად საუბარი საქართველოზე დავიწყე.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის შემდეგ საფრანგეთმა რამდენიმე პრეზიდენტი გამოიცვალა და თითოეულ მათგანთან საუბრისას საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის მთავარი თემა იყო ჩემთვის.

ეს ჩემი ერთ-ერთი ისტორიული ვალდებულებაა და ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ’ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ,“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 17 თებერვალს დაიწყებს. სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას “ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.

დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის IFRI წარმომადგენლებთან. საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე საჯარო ლექციას, “საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“, საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo წაიკითხავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ასევე იუნესკოში, ეწვევა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას, ლევილის შატოს, პარიზში შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის საჭიროებასა და მექანიზმებზე ისაუბრებს.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საფრანგეთის რესპუბლიკაში თეონა გიუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ნათია სულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g