დი ანჯელო – მაიკლ იუჯინ არჩერის სასცენო სახელია. მას მსოფლიო იცნობს, როგორც ამერიკელ მომღერალს, კომპოზიტორს, ნეო-სოულისა და არ-ენ-ბის ჟანრის მუსიკაზე უდიდესი გავლენის მქონე მუსიკოსს, მულტიინსტუმენტალისტსა და პროდიუსერს. ის იმ უნიკალურ ადამიანთა სიაშია, ვინც ერთდროულად გაითქვა სახელი, როგორც თავისი საპროდიუსერო მონაცემებით, ასევე მუსიკალური შესაძლებლობებით. მას ხშირად ადარებენ პრინსსა და მარივნ გეის, რომელთა მუსიკამ, უდავოდ მოახდინა გავლენა დი ანჯელოს მუსიკალური გემოვნების ფორმირებაში.
დი ანჯელო 1974 წელს რიჩმონდში, რადიკალური რელიგიური შეხედულებების მქონე ოჯახში დაიბადა. მამა სასულიერო პირი იყო და ოჯახში ბავშვებს იმდენად მკაცრად ზრდიდნენ, რომ მათ ნებართვის გარეშე, ნათესავებთან კონტაქტიც კი ეკრძალებოდათ. თავად დი ანჯელოც ძალიან რელიგიური ადამიანია და ამბობს, რომ ბავშვობაში ბევრი სასწაულის მომსწრე ყოფილა. ჯერ მხოლოდ 3 წლის იყო, როცა მისმა ძმამ, 10 წლის ლუთერმა ოთახში როიალზე დაკვრისას შეუსწრო. 3 წლის დი ანჯელო, არა მხოლოდ უკრავდა, არამედ ქმნიდა საოცარ მელოდიას. მალევე მან ეკლესიაში დაკვრაც დაიწყო.
დიდი მუსიკისკენ გზა 1991 წელს გაიხსნა, როცა დი ენჯელომ მოაწერა ხელი კონტრაქტს ლეიბლთან ‘EMI Music. სწორედ ამ დროს შექმნა მან თავისი ცნობილი ჰიტი ‘U Will Know‘, რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ ფილმის „ჯეისონის ლირიკა“ საუნდტრეკი გახდა. მალევე მუსიკოსმა სადებიუტო ალბომზე Brown Sugar დაიწყო მუშაობა, რომელიც 1995 წელს გამოვიდა. წარმატებამ, რომელიც ამ ალბომმა დი ანჯელოს მოუტანა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მალევე დისკი პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა, ჰიტი Lady კი, „ბილბორდის“ ჩარტების ნომერ პირველი სიმღერა. ალბომი, მარტო ამერიკაში, მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
სადებიუტო ალბომის წარმატების შემდეგ, დი ანჯელო თითქმის 5 წლით გაუჩინარდა. მუშაობა არ შეუწყვეტია, რადგან მის მიერ შექმნილი სიმღერები იმ დროის პოპულარულ ფილმებში საუნდტრეკებად ჟღერდა. ნანატრი მეორე ალბომი 2000 წელს გამოვიდა და მისი სახელწოდება იყო Voodoo. გამოსვლისთანავე მან ყველა პრესტიჟული ჩარტის პირველი პოზიცია დაიკავა და ამჯერად „გრემის“ მფლობელიც გახდა. 2014 წელს გამოვიდა მისი მესამე ალბომი Black Messiah , რომელიც მომდევნო წელს „გრემიზე“ წლის არ-ენ-ბის ალბომად დასახელდა. სიმღერა Really Love კი, ამავე კატეგორიის „წლის სიმღერის“ გამარჯვებული გახდა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 90-იან წლებში ის მუსიკოს ენჯი სთოუნს ხვდებოდა, რომლის ალბომიც სწორედ დი ანჯელოს შექმნილია, 1998 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა. მუსიკოსს სულ სამი შვილი ჰყავს. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა დი ანჯელოსთვის მეგობრის თვითმკვლელობის ფაქტი, ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალა. ვარსკვლავი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. მედია ბევრს წერდა მუდმივ პრობლემებზე პოლიციასთან. ზოგადად, დი ანჯელო ძალიან ჩაკეტილი ადამიანია, ამიტომ მედიასთან არასოდეს ჩნდება, ინტერნეტში პრაქტიკულად ვერ იპოვით მის ინტერვიუს, თუმცა „გუგლი“ გვამცნობს, რომ ის მუსიკალურ აქტივობას ამჯერადაც განაგრძობს.