ნარკომოვაჭრეებთან მიმართებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. თუნდაც ყველაზე ლიბერალური ქვეყნების მხრიდანაც კი არ განიხილება ეს მიდგომა არასწორად. მითია იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ ლიბერალური მიდგომით მცირდება და მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, პირიქით, არ მცირდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სატელევიზიო დებატებში საუბრისას.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, შეიზღუდოს გავრცელება და ხელმისაწვდომობა.
„ნარკომომხმარებელთა რიცხვი, როგორც წესი, 15-დან 65 წლამდე პოპულაციაში იზომება. კვლევების მიხედვით, იაპონიაში, სადაც მიდგომა საკმაოდ მკაცრია, პრევალენტობა ორი პროცენტია. ცოტა მეტია საქართველოში, შვედეთს აქვს ოთხი-ხუთი პროცენტი. გერმანიას, რომელიც ლიბერალური მიდგომით გამოირჩევა, აქვს რვა პროცენტი. შვედეთში, სადაც მკაცრი პოლიტიკაა, პრევალენტობა დაბალია, ჩეხეთში – მაღალი, ბულგარეთში კი, სადაც ითვლება, რომ ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკაა, ბევრად დაბალია. ასე რომ, საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში. მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება, პრევალენტობა შეიძლება შემცირდეს არსებითად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსა და სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერით, ნარკომომხმარებელთა მკურნალობა და რეაბილიტაცია რეალურად მიღწევადია.
„მე არ მგონია, არსებობდეს ნარკომომხმარებელი, რომელსაც სურვილი არ აქვს, რომ არ მომხდარიყო მის ცხოვრებაში თუნდაც პირველი გასინჯვა. არ მეგულება დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც მცირეოდენი სურვილი მაინც არ აქვს, რომ ის არ იყოს ნარკოდამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, მივეხმაროთ ადამიანებს, რომ მეტად უნდოდეთ და ვისაც ამის სურვილი აქვს, რეალურად შეძლოს, დაამარცხოს ეს დიდი პრობლემა…
სამწუხაროდ, დღეს დამკვიდრებულია მითი, რომლის დამკვიდრებაშიც იმ ადამიანებს, ვინც ნარკომანიაზე ხელს ითბობდა, შეიძლება, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, თითქოს განკურნებული ნარკომანი არ არსებობს – ასეთი რამ არის ტყუილი. დიახ, საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები. მინდა, ყველას მივულოცო და ვუსურვო წარმატება, ვინც შეძლებს და საკუთარ თავში დაამარცხებს ამას. ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია – ეს, რასაკვირველია, მცდარი შეხედულებაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
