LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკაფიო მითითებაა, მოქალაქეებმა თავი აარიდონ ქუჩაში სიარულს, თუ იქნება საჰაერო განგაში, მივიდნენ შესაბამის თავშესაფარში – უკრაინაში საქართველოს ელჩი ბოლო ცნობებით

305
11

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს – თავი აარიდონ ქუჩაში სიარულს და იმოქმედონ ქვეყნის ხელისუფლების მითითებებით.

როგორც ზაქარაშვილი აღნიშნავს, საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, გამოქვეყნებულია ცხელი ხაზის ტელეფონები და მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ რეკომენდაცია და მათთვის საჭირო ინფორმაცია.

უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვთ, თვალყური ადევნეთ და გაითვალისწინეთ უკრაინის მთავრობის გაფრთხილებები – საგარეო უწყება

ელჩის განმარტებით, ქვეყნის დატოვება გართულებულია, საცობების გამო, რომლებიც არის ევროპის მიმართულებით და ქალაქიდან გასასვლელებში:

“ქვეყანაში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში, როგორც საელჩო, ასევე ყველა მოქალაქე, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, ცხადია, მოქმედებს საომარი მდგომარეობის შესაბამისი წესებით და უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცემული რეკომენდაციებით და მითითებებით.

დედაქალაქში არის მეტ-ნაკლებად სიწყნარე, თუმცა არის ხელისუფლების მკაფიო მითითება, რასაც ჩვენც ვიზიარებთ, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად იმყოფებოდნენ სახლში, თავი აარიდონ ქუჩაში სიარულს, იმ შემთხვევაში, თუ იქნება საჰაერო განგაში, შესაბამისი სირენების და ხმოვანი შეტყობინებების ჩართვით, უნდა მივიდნენ შესაბამის თავშესაფარში, რომელიც მოწყობილია კიევის ყველა უბანში, ან მეტროსადგურებში.

შესაბამისად, მაქსიმალურად ვერიდებით სახლიდან გასვლას და გადაადგილებას.

ამ წუთში, განსაკუთრებით ვერიდებით გადაადგილებას დასავლეთისაკენ, ვინაიდან, როგორც კიევის გასასვლელები, ასევე გზები არის გადატვირთული და შეიძლება იმ მანძილზე, რასაც ჩვეულებრივ რამდენიმე საათი სჭირდებოდა, მოქალაქე და მანქანა საერთოდ ვერ გადაადგილდეს

საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, გამოქვეყნებულია ცხელი ხაზის ტელეფონები, მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ რეკომენდაცია ვითარების თაობაზე და ის ინფორმაცია, რაც მათთვის ხელსაყრელი ან აუცილებელია.

ქვეყნის დატოვება, ცხადია, გართულებულია, როგორც მოგახსენეთ, საცობების გამო, რომლებიც არის ევროპის მიმართულებით და ქალაქიდან გასასვლელებში.

ჯერჯერობით ჩვენ კონტაქტზე ვართ ოდესაში ჩვენს გენერალურ საკონსულოსთან, სადაც სიწყნარეა და ისინი ასევე მუშაობენ საგანგებო რეჟიმში; კონტაქტზე ვართ საპატიო კონსულებთან ლვოვსა და ხარკოვში და იქაც მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა ქალაქში”, – აცხადებს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ.

 

mazda magti 5g