„დავიბადე ქალაქ თელავში. ხატვა 28 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე არასოდეს დამიხატავს, არც პედაგოგი მყოლია, არავის უსწავლებია, ეს თავისით მოვიდა, ახლა კი მის გარეშე ვეღარც წარმომიდგენია. თითქმის ყოველ დღე ვმუშაობ, ძიებაში ვარ და ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა…“, ამბობს მხატვარი ბექა ხუცურაული „ფორტუნასთან“ საუბრისას.
ბექა ხუცურაული:
18 წლის ვიყავი, პირველი სამსახური რომ დავიწყე ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში და მას მერე თითქმის არც ერთი დღე არ ვყოფილვარ უსამსახუროდ, ბევრი ადგილი გამოვიცვალე და ყოველი ახალი საქმე საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა სადაც ვხედავდი, რომ განვითარება აღარ ხდებოდა, ვცდილობდი, ისევ რამე ახალი დამეწყო. ერთფეროვნება არასოდეს მიყვარდა, ხატვა კი მოულოდნელი აღმოჩენა იყო, რამაც ერთხელ და სამუდამოდ გამიფერადა ცხოვრება. ყოველი ახალი ნახატი, ახალი ფერი, ტონალობა, მონასმი თუ იდეა ახალი ცხოვრების დაწყების ტოლფასია, აღმოჩენაა საკუთარ თავში, ახალი შესაძლებლობის დანახვა და განხორციელების დაუოკებელი ჟინი, ეს კი მთელი პროცესია, შინაარსიანი და დიდ რესურსსაც მოითხოვს. ბევრს ჰგონია, რომ ხატვა მარტივი პროცესია, რომელიც ადამიანის გართობას ან დამშვიდებას ემსახურება, ხატვამ თუ არ აგაღელვა, გაგანერვიულა, აგაფორიაქა, ე.ი. ეს უბრალოდ, გაფერადებაა და მეტი არაფერი, ხატვა დიდ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე დაიწყებ, ემზადები ამისთვის, ძალიან ბევრ რამზე ფიქრობ და ცდილობ განეწყო. ნახატზე მუშაობის დასრულებისას კი ხვდები, რომ დაცლილი ხარ ემოციურად და თუ არ დაისვენე, შეიძლება წაიქცე.
ყველაზე მეტად რისი ხატვა გიყვართ?
ძალიან მიყვარს ნატურიდან ხატვა, განსაკუთრებით კი ხილის და ყვავილების. როდესაც ვაპირებ დავხატო, მივდივარ ბაზარში და სპეციალურად ვარჩევ ხილს, მახსოვს გასულ წელს, შავი ლეღვების შესარჩევად მთელი დღე ვიარე, მინდოდა, ყოფილიყო სიმწიფისგან დამსკდარი და ფერადი. საბოლოოდ შევარჩიე, დავხატე და შედეგიც არ იყო ცუდი, ასე დავხატე კომშები, მარწყვები, ვაშლები, ქლიავები. ერთხელ, მორიგი გასვლისას, ერთმა გამყიდველმა ხელში ყურძნის მტევანი აიღო, შუქზე გახედა და თქვა, ნეტავ, მხატვარი ვიყო, აუცილებლად დავხატავდიო, ამ ნათქვამმა ჩემი ყურადღება მიიქცია, მართლა საოცარი მტევნები იყო, სასწრაფოდ წამოვიღე სახლში, ეზოში ბროწეული მოვკრიფე და ძველებურ ბრინჯაოს ლარნაკზე გავაწყვე, სიამოვნება იყო ამის ხატვა… ამ ტილოს დიდი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელში. სამწუხაროა, რომ ყოველთვის ვერ მიხერხდება ნატურიდან ხატვა, დროის უქონლობის გამო. მართალია, ხშირად ვერ დავდივარ, მაგრამ მაქვს კარგი მხედველობითი მეხსიერება და თუ რამ ძალიან მომეწონა, ეს შთაბეჭდილება შეიძლება, მთელი კვირა ან თვე გამყვეს და ვიდრე არ დავხატავ, ვერ მოვისვენებ.
როგორია ხოლმე ხალხის შეფასება?
სოციალურ ქსელში ხშირია ასეთი შეფასებები: „შედევრია“, „მოვლენა“, „გენიალური“ და ა.შ., რომელიც რასაკვირველია მსიამოვნებს, მომწონს და მადლიერი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ეს შეფასება გონებამდე არ მივიტანო, რადგან ეს საფრთხილო ამბავია, აქ შეიძლება განვითარება შეაჩერო და ჩარჩოებში მოექცე, ამიტომ სულ ვცდილობ, ასეთ შეფასებებს დიდი ყურადღება არ მივაქციო. არის ხოლმე ასეთი შეფასებაც „ფოტოს ჰგავს“, „ნამდვილისგან ვერ გაარჩევ“ და ა.შ. ამას ორგვარი ახსნა აქვს, დადებითი და უარყოფითი, ერთი ის რომ ე.ი. სიზუსტით მუშაობ, იცავ ფორმას, ზომას, სწორედ სვამ ფერებს, ჩრდილს, განათებას და იღებ ფოტო სიზუსტეს და მეორე ისაა, რომ მხატვრული შენეული ხედვა და აღქმა დააკელი და ფოტოსგან აღარაფრით განსხვავდება, აქაც დიდი დაფიქრებაა საჭირო, პროფესიონალიზმიც სწორედ ისაა, რომ ეს ორივე ისეთ სინთეზში მოიყვანო, რომ რეალისტურ ნამუშევარს მხატვრის ინდივიდუალური ხელი ეტყობოდეს, აქამდე კიდევ ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. ერთი რაც დაზუსტებით ვიცი, ფერები ჩემია და ამას ყველაზე მეტად ვუფრთხილდები და რასაც ვხატავ, ვხატავ მთელი გულით, სიყვარულით, ფიქრით, გონებით… სხვაგვარად, უბრალოდ, არ გამომივა.
გამოფენები, კონკურსები…
გამოფენებს რაც შეეხება, 2019 წელს მქონდა ერთი პერსონალური გამოფენა, რომელმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა, ასევე ვმონაწილეობდი რამდენიმე შერეულ გამოფენაში, მათ შორის რუსთავი2-ში, რუსთავი 2-ის საიუბილეო ღონისძიებაზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, მცხეთაში, მეგობრების მიერ ორგანიზებულ გამოფენებში, ასევე თურქეთში, იყო ონლაინ გამოფენებიც. დაიწერა სტატიები, ინტერვიუები, ჩემი ნამუშევრები შესულია რამდენიმე კატალოგში, ორი ნამუშევარი წარმოდგენილია თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეის მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში, ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრების გვერდით. ჩემი ნამუშევრები არის კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ (ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი).
მაგრამ ჩემს მთავარ წარმატებად მაინც ის მიმაჩნია, რომ თურმე ბევრი ადამიანისთვის გამიჩენია სურვილი ხატვის, ეს ადამიანები მხვდებიან, მწერენ, მადლობას მიხდიან, ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, თუ შევძელი ვინმესთვის მაგალითი გავმხდარიყავი და მათი ცხოვრება უფრო საინტერესო და ფერადი გამეხადა.
ვინ არიან თქვენთვის გამორჩეული მხატვრები?
ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხი… რანაირად უნდა გამოყო ვინმე, უამრავი მხატვარი მიყვარს და მომწონს… ერთს კი ვიტყვი, რომ იმპრესიონიზმს და მის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ, რადგან მათი ნახატები ძალიან გულწრფელი, ნამდვილი და ცოცხალია, მწველი მზე, მანათობელი მთვარე, მოლივლივე ზღვა, ტბა თუ მდინარე, ცოცხალი ყვავილები, კონკრეტული სიუჟეტის მონაწილეს გხდის, თავიდან ბოლომდე შეიგრძნობ ამინდს, ჰაერს, სუნს, განწყობას… ქართველ მხატვრებს რაც შეეხება, ძალიან დიდია მათი რიცხვი და ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებულად ბევრი ახალი მხატვარი მყავს აღმოჩენილი (ჩემთვის), რომლებზეც მართლა განსაკუთრებული წარმოდგენა მაქვს, მიყვარს და ვაფასებ მათ შრომას!
ჩემი სურვილია, 2024 წელს გავაკეთო პერსონალური გამოფენა თბილისში. სადაც წარმოვადგენ ძველ და ახალ ნამუშევრებს. ვნახოთ, იმედია კიდევ არაფერი შემიშლის ხელს.