David Gua (დავით ბაძაღუა) თანამედროვე ქართველი მხატვარია. იგი 4000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრის ავტორია, რომელთა უმრავლესობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გალერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება. დავით ბაძაღუას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. მისი ნამუშევრებით საქართველოში გაფორმებულია რამდენიმე პრესტიჟული სასტუმრო, ბიზნეს ოფისები, სამედიცინო კლინიკები და კერძო საცხოვრებელი სახლები. David Gua უამრავი კულტურულ-შემოქმედებითი პროექტის ავტორია.
სახელოვნებო წრეებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, აღნიშნავენ, რომ დავით ბაძაღუა მხატვრობის მიმართ საკუთარი ხედვით და დამოკიდებულებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან შემოქმედებითი პროცესის ნიუანსებზე საუბარი და იმის გარკვევა, რად და როგორ გარდაიქმნება სამყაროს შუქები და ჩრდილები ტილოზე.

– ბატონო დავით, როდის აცნობიერებს ხატვის ნიჭის მქონე ადამიანი, რომ ხატვა მისი ცხოვრების მთავარი საქმე უნდა გახდეს?
– ხატვის ნიჭი ჩემში ბავშვობაშივე გამოვლინდა, თუმცა ამას წინ უძღოდა ის ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ბიძის ნახატებმა ჩემზე მოახდინეს. ფერადი კალმით შესრულებული მისი ნამუშევრები სახლის მეორე სართულზე ინახებოდა. ხშირად ავდიოდი იქ მათზე დასაკვირვებლად. სწორედ ამ ნახატებმა აღძრეს ჩემში ხატვის სურვილი. მშობლებმაც დაინახეს ჩემი სახატავ საშუალებებთან დამეგობრების მცდელობა და გალში სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს. იქიდან ხშირად დავყავდით გამოფენებზე, გალერეებში. დიდი ინტერესით ვუცქერდი თითოეულ ნამუშევარს. მაშინ ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მხატვარი გავხდებოდი. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში მოვხვდი და უკვე 42 წელია, რაც გაუჩერებლად ვხატავ. თუმცა მხოლოდ ბოლო 10 წელია, რაც ჩავთვალე, რომ მხატვარი ვარ. დანარჩენი 32 წელი ჩემთვის სწავლის, დაკვირვების, ბრძოლის პერიოდი იყო, მერიდებოდა მეთქვა, რომ მხატვარი ვარ. ახალგაზრდებს ხშირად ვეუბნები – რომ ხატავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხატვარი ხარ (რაც ზოგჯერ წყინთ), მხატვარი ხალხმა უნდა დაგარქვას. პირადად მე ეს კომპლექსი მაშინ მოვიხსენი, როდესაც სადღაც რაღაცაში გავიმარჯვე, სადღაც მაღიარეს, ჩემი შემოქმედების შესახებ აზრი გამოთქვეს მედიით. მხოლოდ ამის შემდეგ მივეცი თავს უფლება, საკუთარი თავისთვის მხატვარი მეწოდებინა. მხატვრობა არ არის მარტივი საქმე. ადვოკატი, შეიძლება, 10-12 წელიწადში გახდე, მხატვარს კი გაცილებით დიდი დრო სჭირდება, რომ აღიარონ.

– როდის ხვდება მხატვარი, რომ განცდილსა და ნააზრევს რომელიმე კონკრეტული მიმართულებით უფრო უკეთ წარმოაჩენს. საერთოდაც, საჭიროა კი შთაგონების რომელიმე ჟანრს დაქვემდებარება?
– თუ მსოფლიო მხატვრობის ისტორიას გადავხედავთ, მხატვრების 95-97% ერთ ჟანრში, ერთი მიმართულებით მუშაობს, რაც მე არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ აბსტრაქციის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი მგონია, ვხატავ პორტრეტებსაც, პეიზაჟებსაც. ვცდილობ, სხვადასხვა მიმართულებით მოვსინჯო ძალები და მიგნებები საბოლოოდ ჩემს აბსტრაქციაში გამოვიყენო. ვინც შემოქმედებითად მუშაობს, ქმნის და არა ხატავს, სულ რაღაცის ძიებასა და მიგნებაშია. ხატვას ყველა ისწავლის, მაგრამ შექმნა არის კოსმოსთან კავშირი, სივრცესთან საუბარი, ღმერთთან დიალოგი.

– დავიდ გუა – რატომ გადაწყვიტეთ სახელოვნებო სფეროში ფსევდონიმით პოზიციონირება?
– ფსევდონიმმა პოპულარობა მომიტანა, კარგი გათვლა იყო. მხატვარმა, ფუნჯის მოქნევის გარდა, მარკეტინგული ხრიკებიც უნდა იცოდეს, სხვაგვარად, დღევანდელ სამყაროში არსებობა გაუჭირდება. მარკეტინგული უნარები ჩემი შემოქმედების წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში მეხმარება. ერთ-ერთი მარკეტინგული სტრატეგია სწორედ ეს ფსევდონიმი იყო. მას კარგი დამთხვევებიც ახლავს თან. ის, ერთი მხრივ, თითქოს ხომ ჩემი ფიქრის შედეგია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბედისწერაც ყოფილა. უფრო კონკრეტულად, ჩემი გვარი ინგლისურად იწერება, როგორც Badzagua. გამოთქმის სირთულიდან გამომდინარე, მხოლოდ ბოლო ნაწილი – Gua დავტოვე და გულით მხატველად ვიქეცი, რადგან გუა აფხაზურად გულს ნიშნავს. ერთხელ, ბათუმის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სასტუმრომ შემიკვეთა ნამუშევრები და როცა უკვე ხელი უნდა მომეწერა მათზე, მენეჯერს დავურეკე და ვკითხე, ბაძაღუა მოვაწერო თუ გუა-მეთქი და პასუხი იყო – გუა რომ ბრძანდებით, იმიტომ შეგიკვეთეთ ნახატებიო.

– საკუთარი ხელწერის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ, რისთვისაა ის საჭირო?
– საკუთარი ხელწერა კარგ მხატვრებს, თითქმის, ყველას აქვს. ხელწერა როცა ჩამოგიყალიბდება, როგორც კი დაინახავენ, რომ ის უცხოა, განსხვავებულია, შეიძლება ტაში არ დაგიკრან, მაგრამ დაკვირვებას იწყებენ. საერთოდ, ხელოვნებათმცოდნეები არიან ამ საქმის ექსპერტები, მათ უნდა გაგხსნან, გაგშიფრონ და საზოგადოებას მოუყვნენ შენზე. ზოგჯერ არაპროფესიონალები, მოყვარულები არიან ისეთი ზუსტები შეფასებისას, გაოცდები, თან ისინი სულ ცდილობენ შენთან კავშირის შენარჩუნებას. მიხარია, რომ სწორედ მათგან ბევრს უთქვამს, შენს ნახატებს ეგრევე ვცნობთო. კარგი იქნებოდა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ერკვეოდეს მხატვრობაში, უფრო კეთილი გახდებოდა სამყარო. სხვათა შორის, ეკონომიკურ წინსვლასაც დაეხმარებოდა. მაგალითად, გერმანიაში, ზუსტად ვიცი, მხატვარს ფინანსურად იმიტომ ეხმარებიან, რომ ქვეყანას გამოადგეს შემდგომ ეკონომიკურ წინსვლაში და არა უბრალოდ იმიტომ, რომ მან კარგად იგრძნოს თავი. პანდემიის დროს, როცა საქართველოში მხატვრები არავინ გაგვითვალისწინა, არავინ არაფრით დაგვეხმარა, იგივე გერმანიაში, ჩემს ერთ-ერთ ნაცნობ მხატვარს მთავრობისგან 17 000 ევრო ჩაერიცხა, სულიერად რომ არ დაცემულიყო. მხატვარი, რომელიც შემოქმედებით მდგრადობას შეინარჩუნებს, საკუთარი ნამუშევრებით წვლილს აუცილებლად შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

– არსებობს აზრი, რომ როცა ნიჭი თვითმყოფადია, სამხატვრო სკოლა თუ აკადემია მისთვის ბორკილებად შეიძლება იქცესო…
– დღეს ხშირად ეწყობა გამოფენები, სადაც აღნიშნავენ ხოლმე, რომ თვითნასწავლი მხატვრები მონაწილეობენო. ამ სახელდებას პროფესიონალები არ ვეთანხმებით, რადგან მხატვარი ან ხარ, ან არა. ჩემი კურსიდან, რომელზეც 33 სტუდენტი ვიყავით, მარტო მე ვარ მხატვარი, დანარჩენები სხვა დარგებში მუშაობენ. იმის თქმა მინდა, მხატვარი რომ გახდე, შეიძლება აკადემიამაც არ გიშველოს, მაგრამ შეიძლება არსად სწავლობდე და ხატვის ნიჭი აღმოგაჩნდეს, იარო სახელოსნოებსა და გალერეებში, დააკვირდე მხატვრების ცხოვრებას, ინფორმაცია მოიძიო ინტერნეტშიც, პარალელურად, იმუშაო საკუთარ თავზე და წარმატებას მიაღწიო. მაგრამ რაში გვეხმარება პროფესიული უმაღლესი განათლება – მისი მეშვეობით იგებ, რომ კარგი სურათი რომ შეიქმნას, უპირველესად, დაცული უნდა იყოს კომპოზიციური ელემენტები, მეორე – მნიშვნელოვანია ფერითი შეგრძნება, ფერებით უნდა შეგეძლოს თქვა სათქმელი და გადმოსცე ემოცია, და მესამე – ტექნიკურ მხარეს უნდა მიექცეს ყურადღება, როგორ გადმოიტან სასურათე ზედაპირზე ჩანაფიქრს, ფერს. ამ ნიუანსების მიხედვით პროფესიონალები მაშინვე გრძნობენ, როცა ვინმემ ხატვა არ იცის. თუ ნიჭიერი ხარ, ფერებს გრძნობ და ფანტაზიის უნარი გაქვს, მაშინ ნამდვილად შექმნი კარგ სურათს.

– რას გრძნობენ მხატვრები, როცა მათ ნამუშევრებზე ესმით „ამას ხომ მეც დავხატავდი“?
– ეს ფრაზა წამოცდენის დონეზეც კი გამაღიზიანებელია. ის მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არ იცი, ვერ ერკვევი, რა სირთულეების დაძლევა უწევს მხატვარს ნამუშევრის დაწყებიდან დასრულებამდე. ნახატი, შესაძლოა, შენთვის მარტივად გამოიყურებოდეს, მაგრამ ყველაზე რთული შესაქმნელი სწორედ ერთი შეხედვით მარტივი ნახატია. სინამდვილეში, იმ სიმარტივის სიღრმეში მთელი ცხოვრების გამოცდილება დევს. ამიტომ ვურჩევდი ყველას, შეფასებისას არ იჩქარონ.

– ვინ ან რა ექცევა თქვენს ტილოზე უფრო ხშირად, რაზე და ვისთვის ლაპარაკობენ თქვენი ნამუშევრები?
– მე თითქმის არასდროს ვიცი, რას ვაკეთებ. როცა მუშაობას ვიწყებ, ვითიშები, რამდენიმე საათი ისე გადის, ვერ ვგრძნობ, ვერც საკუთარ წონას ვგრძნობ და ვერც იმას, ვიყავი თუ არა ხატვის პროცესში სამყაროს ნაწილი. როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოვდივარ, მხოლოდ მაშინ ვხედავ, რომ სასურათე ზედაპირზე რაღაც არის გამოსახული. ხელოვანი ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში, ორნაირია – როდესაც ტვინით მუშაობს, სუფთა ადამიანური განწყობით, რაღაც ჩანაფიქრი რომ განახორციელოს და როდესაც მხოლოდ ქვეცნობიერით, ანუ ქვეცნობიერში სივრციდან შემოდის ინფორმაცია და ასეთ დროს არცერთმა ხელოვანმა არ იცის, როგორ შექმნა ნაწარმოები. მეც ამ კატეგორიას მინდა მივეყრდნო. მართალია, ნამუშევრებს სახელებს ვარქმევ, მაგრამ ძალიან რთულად. იქიდან გამომდინარე, რომ თავად არ ვარ გარკვეული რა შეიქმნა, ანუ რისი თქმა სურს ნახატს, არ მინდა შევცდე დასათაურებისას. ხელოვანის დანიშნულება სამყაროსა და ადამიანებს შორის შუამავლობაა – სამყარო გვაწვდის ინფორმაციას და ჩვენ ის საზოგადოებას უნდა წარვუდგინოთ მუსიკის, პოეზიის, სპექტაკლის თუ მხატვრობის სახით.

– ერიხ მარია რემარკის რომანის „აჩრდილები სამოთხეში“ ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ ჩარჩო სურათის ღირსებას უსვამსო ხაზს. სინამდვილეში, როდის უგულებელყოფს მხატვარი ჩარჩოს და როცა იყენებს, რისთვის?
– სამხატვრო აკადემიაში ინტერიერსა და ექსტერიერს ვასწავლი. სწორედ ამ დისციპლინებით ისწავლება, როდის შეიძლება ჩავსვათ ნახატი ჩარჩოში, რომელი ფონი როგორ სურათს უფრო ეხამება. პირადად მე, 90%-ს რასაც ვხატავ, უჩარჩოოს ვითვალისწინებ, მაგრამ როდესაც ვინმეს ნახატის შეძენა უნდება და ინტერიერში, სადაც ის უნდა განთავსდეს, ნახატთან შეუსაბამო ფერის კედელია (რის გამოც ნახატი შეიძლება ჩაიკარგოს ან ამოვარდეს ინტერიერიდან), ჩარჩო ხდება ერთგვარი დამაკავშირებელი კანტი კედელსა და ნახატს შორის, ნახატის გამოსახულება კარგად რომ შევიგრძნოთ. კანტს ვარქმევ იმიტომ, რომ ჩუქურთმიან და კლასიკურ ჩარჩოებს უარვყოფ, კანტი უფრო თანამედროვე ტონსა და ფერშია.

– საკუთარი ნამუშევრების საჯაროდ გამოფენის მზაობას როდის გრძნობს მხატვარი?
– 45-მდე ჯგუფურ ექსპოზიციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მქონია 15-ზე მეტი პერსონალური გამოფენა, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფდი, დანარჩენს უარყოფიათად ვაფასებ, უფრო მეტიც, არის მომენტი, როცა მათი გახსენებაც კი არ მინდა, იმდენად თვითკრიტიკული ვარ. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვამბობთ, რომ მხატვარს ერთი ცხოვრება არ გყოფნის, რაღაცას რომ მიაღწიო, სულ ძიებაში ხარ. პერსონალური გამოფენა, რომელსაც გამოვყოფდი, შარშან, ოქტომბერში, აბრეშუმის გალერეაში მქონდა. ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. ეს გამოფენა შემდეგ გალერეაში „სტუდიო არტი“ გადავიდა და სწორედ აქ უნდა აღვნიშნო სივრცის ფაქტორი – დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაიკიდება ნახატი, რომელი რომელთან. გამოფენა არასწორი ექსპოზიციის გამო შეიძლება ჩაგივარდეს.

– რამდენად თავისუფლად უშვებთ თქვენგან საკუთარ ნამუშევრებს და რომელიმე ნამუშევრის ვერ დათმობის ახსნა რა შეიძლება იყოს?
– ვიქნები გულწრფელი. მხატვარი, რომელიც რომელიმე ნამუშევარზე ამბობს, ამას ვერ გავყიდი, თავს იფასებს, რადგან გაყიდის, თუ კარგ თანხას შესთავაზებენ. ნახატის გაყიდვის გარეშე ჩვენ შემდეგს ვერ შევქმნით – მასალაა საყიდელი (მით უფრო, როცა ბევრს მუშაობ), გარდა ამისა, ოჯახია სარჩენი. თუ გაჩერდები, ჩავარდნა გექნება. ყოველდღე უნდა იმუშაო, რადგან მსოფლიოში დიდი კონკურენციაა – დღეს ოლიმპიური ჩემპიონი უფრო მარტივად გახდები, ვიდრე საუკეთესო მხატვრების ასეულში დაიმკვიდრებ ადგილს. საქართველოში, ევროპასთან და აშშ-თან შედარებით, უფრო იაფად ვყიდი ნამუშევრებს, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს სახელოვნებო ბაზრის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან. ნახატის შეძენის ბევრი მსურველი მყავს, მაგრამ ზოგს შესაძლებლობა არ გააჩნია, ზოგთან კი ვრიგდები და კონკრეტულ ფასად ვიმეტებ ნამუშევარს.

– როგორ ადგენს საფასო პოლტიკას მხატვარი ან ვინ უდგენს მას?
– მესმის, რომ მხატვარი თავად ადგენს საკუთარი ნახატის ღირებულებას, ეს მისი უფლებაა და ვერავინ ვერ ჩაერევა, მაგრამ ბევრი ჩემი ახლობლისთვის მითქვამს, ნახატი უნდა გაყიდო იმ ფასად, რომელსაც ახლა გთავაზობენ. ვისაც არასწორი მარკეტინგული გათვლა აქვს, ვერ ყიდის ნამუშევრებს. ევროპაში, მაგალითად, მხატვარს რეიტინგი არტ ბაზრობაზე ენიჭება საერთაშორისო ჟიური მიერ – პირველი, მეორე, მესამე… რაც უფრო მაღალი ციფრი გენიჭება, მით უკეთესი. არტ ბაზრობაზე უამრავი გალერისტი და კოლექციონერი მოძრაობს მთელი მსოფლიოდან. როგორც კი გაიგებენ, რომ მხატვარს ამ საერთაშორისო ბიენალეზე, ვთქვათ, მიენიჭა მეორე რეიტინგი, მირბიან მასთან და კონტრაქტს აფორმებენ. სხვათა შორის, ბევრი ხელს ვერ აწერს მას, მოთხოვნებიდან გამომდინარე. სწორედ მთელი ეს პროცესი ადგენს ფასებს. ასევე, როცა რომელიმე პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვებ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ნამუშევრის ღირებულება უკვე 5000-დან უნდა იწყებოდეს. საქართველოში არაფერი ამდაგვარი არ ხდება, არც რეიტინგს გვანიჭებს ვინმე. ჩვენს ბაზარზე ფასები რეგულირდება მხატვარსა და მყიდველს შორის ურთიერთგარიგების საფუძველზე. გარდა ამისა, საზოგადოება იმ მხატვრის ნამუშევრებს ყიდულობს, ვისაც იცნობს და ენდობა. ამის დასტურია ქართული ბრენდის დღეზე ცოტა ხნის წინ მიღებული ჯილდო ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“. ზოგადად, საქართველოს ბაზარზე ჩემი ნამუშევრების ღირებულება, საშუალოდ, 2000-დან 15 000 ლარამდე მერყეობს.

– როდის დგება შემოქმედებითი კრიზისი?
– არაერთხელ უკითხავთ, როდის მსტუმრობს მუზა, რაზეც ყოველთვის ვპასუხობ, რომ მუზას არ ვიცნობ, კარზე რომც აკაკუნებდეს, არ დავდებ ფუნჯს და კარის გასაღებად დროს არ დავკარგავ. ვფიქრობ, შემოქმედებითი კრიზისი ზარმაცების მოგონილია, მუზის ლოდინში მხოლოდ ღამდება. ღმერთს მადლობა, რომ ზარმაცი არ ვარ. თუ გინდა იყო წარმატებული, ბევრი უნდა იშრომო.

– თქვენი საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია, ტილოზე მუშაობის გარდა, ქმნით ინტერიერის დიზაინს, აფორმებთ ბეჭდურ გამოცემებს, ასურათებთ წიგნებს და ა.შ. ამ ყველაფერს განიხილავთ როგორც შემოსავლის დამატებით წყაროს, თუ ერთგვარ გამოწვევას?
– ყველა ეს მიმართულება, ისევ და ისევ, ჩემი მხატვრობის პიართან და ნამუშევრების რეალიზაციასთანაა დაკავშირებული. თუმცა წიგნების დასურათებიდან შემოსავალს, ფაქტობრივად, არ ვიღებ (დაახლოებით, 30 წიგნი მაქვს გაფორმებული), წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობა ჩემთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღები სარგებელია. ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად, 2023 წელს გამოიცა ქართულ-უკრაინული კრებული „ჩემო უკრაინა“, რომელშიც 100 ქართველი პოეტის ლექსი შევიდა უკრაინაზე. კრებულში უკრაინის თემაზე შემქნილი რამდენიმე ჩემი ნახატი მოხვდა, ყდაზეც ჩემი ნამუშევრია. ამ პროექტიდან ჰონორარი არ მომითხოვია, საკმარისად ჩავთვალე, რომ კრებულში მოხვედრილი ნახატების ავტორის ვინაობას შეიტყობდა მკითხველი. ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვიდრე ერთჯერად ჰონორარს.

– შეფასება, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ.
– ის ჯერი სალცს ეკუთვნოდა. ამ ცნობილმა ამერიკელმა არტ კრიტიკოსმა მომწერა წერილი, რომელშიც რამდენიმე ნამუშევარი მომიწონა, ორი – განსაკუთრებულად. ერთ-ერთი მათგანი ბავშვობის მონატრებას გამოხატავდა – მასზე ასახული იყო დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ოდები, თოვლი, კარალიოკის ხე, ჩიტები, დაჩეხილი შეშა, მეორეზე კი – მინდორი პარტიზანებით, ცხენებით, ძროხებით, რომლებიც ბალახს ძოვენ (ეს ნახატი 1999 წელს შევქმენი, როცა აფხაზეთში გადავიპარე და სროლების დროს ტყეს ვაფარებდი თავს). კაცისთვის, რომელიც შესანიშნავად იცნობს მსოფლიო მხატვრობას, ეს სიუჟეტები ამაღელვებელი აღმოჩნდა. ბევრი ჩემი ნაცნობი მხატვარი კი ასეთ თემატიკაზე ამბობს, ეს რად გინდა, ეს ხომ ძველია, ვის რაში აინტერესებს, რაზედაც ვბრაზდები – ეს ხომ ჩვენია, ქართულია. მოვა დრო, ეს ნახატი მუზეუმში დაიდებს ბინას.

– ბატონო დავით, თქვენ ხშირად ატარებთ საერთაშორისო არტ პლენერებს, მასტერკლასებს დიდებისთვის თუ პატარებისთვის. მოდით, გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ.
– პატარა რომ ვიყავი, მხატვარს პირადად არავის ვიცნობდი, არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა სახელოსნო. შესაბამისად, ჩემი ოცნება იყო, რამენაირად ვინმესთან მოვხვედრილიყავი და ეჩვენებინა, როგორ ჭიმავს ტილოს, როგორ ხატავს. სანამ სამხატვრო აკადემიაში არ ჩავაბარე, ეს ყველაფერი არ მქონდა ნანახი (თან სამოქალაქო ომის გამო დამაგვიანდა აკადემიამდე მისვლა, იქ 17-ის ნაცვლად, 21 წლისა მოვხვდი). ამიტომაც ზუსტად ვიცი, როგორ ესაჭიროება სხვას ის, რაც მე მესაჭიროებოდა – გამოცდილების, ინფორმაციის გაზიარება. თან მჯერა, რომ სიკეთე აუცილებლად წინ გხვდება. წარმატება მაქვს იმიტომ, რომ ვცდილობ, სხვის წარმატებას შევუწყო ხელი.

– არის თუ არა მხატვრისთვის სახელოსნო ერთგვარი თავშესაფარი?
– ალბათ, ნებისმიერ ადამიანს აქვს სულიერი ჩავარდნის, უხასიათობის პერიოდი. ასეთ დროს მართლაც ჭირს საქმის დაწყება, მაგრამ საკმარისია სახელოსნოში შევაბიჯო და ფუნჯს მოვკიდო ხელი, უგუნებობა ქრება, ყველაფერი უარყოფითი მცილდება და ვინაცვლებ ისეთი შეგძრძნებების სამყაროში, როგორებიცაა სამართლიანობა, გულღიაობა, თავისუფლება. ყველაზე თავისუფალი სწორედ მუშაობის პროცესში ვარ. სახელოსნოში არ ხარ შეზღუდული, საკუთარ თავს შენ მართავ, ესაუბრები მას. ჩემი სახელოსნოს ამჟამინდელი მისამართი ა. წერეთლის #115-ია. ძალიან მოსახერხებელია, რომ სახელოსნო მდებარეობს სახლში, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ – ზედა სართულზე შიდა კიბეებით გავიკეთე ის. მე რომ სახელოსნოში მისასვლელად ქალაქის გავლა მიწევდეს, ამ საცობების გათვალისწინებით, არც ხატვა მომინდება და იდეაც გადამავიწყდება. ერთხელ, მაგალითად, დილის 5-ის ნახევარზე გამეღვიძა და მაშინვე პორტრეტზე დავიწყე მუშაობა. სახელოსნო სადმე სხვაგან რომ მქონოდა, ამას ვერ შევძლებდი. ვისურვებდი, ჩემი სახელოსნო უფრო დიდი ზომის იყოს, რადგან, დაახლოებით, 350 ნამუშევარი დამიგროვდა ამ სივრცეში და ბევრი ერთმანეთზეა მიწყობილი. გარდა იმისა, რომ გადაწყობა-გადმოწყობაში მათი დაზიანების საფრთხე სულ არსებობს, როცა ნამუშევრის შეძენის მსურველი მოდის, იგი ნახატებს დაუბრკოლებლად უნდა ხედავდეს.

– რამდენად საინტერესო პროცესია მხატვრისთვის შემკვეთთან მორიგება?
– შეკვეთაზე თანხმობას 100-დან მხოლოდ 5 შემთხვევაში ვიძლევი, რადგან შეკვეთა მხატვრის ფანტაზიით შექმნილ ნამუშევარს ღირებულებით რომ უნდა აღემატებოდეს, არ ესმით. საკუთარ ნამუშევარში შემოთავაზებული თანხა შეიძლება გიღირდეს, მაგრამ შეკვეთაში სხვამ უნდა გატაროს თავის ჭკუაზე, ანუ შენ შენ არ ხარ – შემკვეთის ქვეცნობიერში უნდა გადახვიდე, რაც ტანჯვაა. უსიამოვნოა ისიც, როცა გრძნობ, რომ ეს ის პიროვნება არ არის, ვინც შენ უნდა გიკარნახოს. შეკვეთას ვთანხმდები მხოლოდ მაშინ, როცა სრულ თავისუფლებას მიტოვებენ და მაგალითად, მხოლოდ ფერზე ვთანხმდებით.

– უახლოეს მომავალში რა სიახლეს შეიძლება ველოდოთ დავიდ გუასგან?
– შესაძლებელია, ეს იყოს გამოფენა. პეიზაჟები დამიგროვდა, ნამუშევრები უკვე ჩარჩოებშიც კია ჩასმული და იქნებ წელსვე გამოვფინო. მაქვს ერთი გრანდიოზული ჩანაფიქრიც და ექსკლუზიურად თქვენ გაგიმხელთ – დიდი სურვილი მაქვს, ძველ თბილისში დავიდ გუას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გავხსნა. შესაძლოა, ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ მხატვარმა სიცოცხლეშივე უნდა უპატრონოს საკუთარ ნამუშევრებს. მთავარია, ჩვენი ქვეყანა დაწყნარდეს, დასტაბილურდეს, ტურისტებისთვის კვლავ მიმზიდველი გახდეს. სწორედ ტურისტები არიან მუზეუმების ხშირი სტუმრები. მაგალითად, როცა ვერცხლის ქუჩაზე მქონდა არტ სტუდია, ბევრი უცხოელი ბლოგერი მსტუმრობდა და იღებდა ჩემს სივრცეს. საკუთარი მუზეუმით სხვა ხელოვანებს მინდა ვუჩვენო, როგორ შეგიძლია არ იყო დამოკიდებული სახელმწიფოზე, რა შეუძლია ერთ დამოუკიდებელ ხელოვანს. ამ სივრცეში, ტურისტებთან ერთად, შეგიძლია უმასპინძლო ბაღის აღსაზრდელებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მათთვის შესვლა უფასო იქნებოდა, ტურისტებისთვის კი ბილეთი გაიყიდებოდა. გარდა ამისა, ბევრი ნამუშევარი მეყიდება და მინდა, რომ მათი გარკვეული რაოდენობა ამ მუზეუმში დავტოვო, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.

– და ბოლოს, მაინც ვინ არის უფრო მეტად მხატვარი – ესთეტიკის მაძიებელი, თუ სხვისთვის ბიძგის მიმცემი, სამყარო დაინახოს ისეთ ფერებში, რომლებზეც მანამდე არ უფიქრია?
– მხატვრობაში ესთეტიკაც საჭიროა და წმინდა ემოციური, ქვეცნობიერიდან მოსული ინფორმაციაც. ყველაფერი, რასაც სამყაროში ვხედავთ (გარდა იმისა, რაც ღმერთმა შექმნა), ნივთი, ტანსაცმელი, სატრანსპორტო საშუალება თუ სხვა, ყველაფერი მხატვარმა შექმნა. ამის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება მხატვარს პატივს არ სცემდე?.. ხელოვანები რომ მოვაცილოთ სამყაროს, შეგვრჩება შავი სამყარო…
