LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხიარული არდადაგები – რაბათი

30

რაბათი

 

ქალაქი ახალციხე მე-9 საუკუნით თარიღდება. მის აღმშენებლად მიიჩნევენ გუარამ მამფალს-ტაო-კლარჯეთის მეფის, აშოტ I კურაპალატის უმცროს ვაჟს. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო ”ლომსია”.

ქალაქის სახელწოდება უნდა შეცვლილიყო 12  საუკუნის დასაწყისში-ახალი ციხის აშენების, ან ძველი ციხის განახლების გამო.

 

ისტორიულ წყაროებში ახალციხე პირველად 13 საუკუნის დასაწყისში, 1204 წელს, ბასიანის ომის დროს არის მოხსენიებული. მემატიანე ქალაქის ახალ სახელწოდებას  პირველად მოიხსენიებს ცნობილი სარდლების – შალვა და ივანე ახალციხელების  დახასიათებისას: ”წინამძღოლად იყო ზაქარია მხარგრძელი – ამირსპასალარი და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი – შალვა და ივანე”.

 

ახალციხის მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ იმთავითვე განაპირობა სამხრეთ საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბება. ახალციხეზე გადიოდა სახმელეთო სავაჭრო- საქარავნო გზები: აჭარა-შავშეთისაკენ, იმერეთისაკენ, ქართლისაკენ, ახალქალაქ-ყარს-არტაანისაკენ.

 

ეს  გზები  საქართველოს  აკავშირებდა  ბიზანტიასთან  (შემდგომში თურქეთთან) და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ქალაქი ახალციხე სამი ნაწილისაგან შედგებოდა:  ქალაქის, ციხე-სიმაგრისა და ციტადელისაგან. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი კარიბჭითა და სათვალთვალო კოშკებით. იგი შემოგარენს მიწისქვეშა  გვირაბებით უკავშირდებოდა. მის ტერიტორიაზე განთავსებული იყო: ”სააჯო კარი”, ”საჭურჭლე სახლი”, ”ზარდახანა”, ”ზარაფხანა”, ”ქარავან-სარაები”,  სახელოსნოები,  აბანოები და ეკლესიები, 18 საუკუნიდან მეჩეთი, მედრესე, მინარეთი. ციტადელში იჯდა ქალაქის მმართველი- ჯერთორელ-ახალციხელები, შემდეგ ათაბაგ-ჯაყელები. ისტორიული მოვლენების შედეგად ახალციხეში სხვადასხვა დროს დასახლდა სხვადასხვა ეროვნების ხალხი: ებრაელები, სომხები, ბერძნები, რუსები და თურქები. ქალაქი ახალციხე ტოლერანტობის სიმბოლოდ იქცა. სამხრეთმა საქართველომ  საუკუნეების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა საერთო ქართული კულტურის  განვითარებაში.

 

მოსე ჯანაშვილის თქმით, მესხეთმა საქართველოსათვის ისეთივე როლი შეასრულა მეცნიერების, მწერლობის, კულტურისა დახელოვნების დარგში, როგორიც საბერძნეთმა კაცობრიობისათვის. XX საუკუნეში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე  განლაგდა ორი დაწესებულება: სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი და სამხედრო ჰოსპიტალი. 2011-2012  წლებში ციხის კომპლექსი სრულად განახლდა (7-8 ჰექტარი ფართობი): აღდგა ციხის მთლიანი გალავანი და ყველა გოდოლი სათოფურებით და ქონგურებით. ციხის ზედა ნაწილში ასევე აღსდგა ყველაზე უძველესი IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი. რესტავრაცია ჩაუტარდა ჰაჯი ახმედ ფაშა ჯაყელის მიერ აგებულ მეჩეთს, მედრესესა და მინარეთს, მოხდა ჯაყელების სასახლის რეაბილიტაცია, აღდგა ციტადელი მთავარი კოშკითურთ. ციხის ქვედანაწილში სადაც სამხედრო გოსპიტალი იყო განთავსებული, განახლდა მდინარე ფოცხოვისკენ ჩასასვლელი გვირაბი. მოეწყო ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა: გაშენდა დასასვენებელი სკვერები,თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სასტუმრო, კაფე-ბარები,რესტორანი, მაღაზიები, ბანკები და ყველა ის საჭირო ობიექტი,რომლებიც  ტურისტს მისცემს საშუალებას საინტერესოდ და კომფორტულად გაატაროს დრო, დაისვენოს და გაერთოს.

 

ციხის ზედა ნაწილში- ჯაყელების განახლებულ სასახლეში, კვლავ განთავსდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში შემავალი სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი. იგი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მუზეუმია, სადაც განახლებულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმების  ექსპონატები. ასევე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მასალები. მნახველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საქართველოს ისტორიის ძირითად ეტაპებსა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიას, კულტურასა და ყოფას უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით.

 

მუზეუმის განახლებულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი და საყოველთაოდ აღიარებული მდიდარი მასალა: არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, ეპიგრაფიკული, ხელნაწერი და ძველი ნაბეჭდი წიგნები.

 

 

 

ნათია ხუციშვილი რაბათის ციხის დირექტორი:

 

– რაბათის ციხე ოთხივე სეზონზე მუშაობს, თუმცა მას უმჯოსია ახალციხის ციხე ვუწოდოთ. გაზაფხულთან ერთად ტურისტების მატებას ველით, იანვარ-თებერვალში უკვე 3000-ზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ. ისინი არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები. ძალიან ბევრი დაგეგმილი ღონისძიება გაქვს. აპრილის ბოლოს ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად სეზონის გახსნა მოხდება, იქნება კონცერტები, გამოფენები და ა. შ. ახალციხის ციხე უნიკალურია და მისი წყალობით ჩვენი რეგიონი ძალიან პოპულარული გახდა. მინდა ყველას ვურჩიო, რომ ჩამობრძანდნენ და ნახონ. ჩვენ ახალციხის მერიის დაქვემდებარებაში ვართ და ჩვენი მერი, გიორგი კოპაძე დიდ ყურადღებას აქცევს მას. ქვედა ტერიტორიაზე, იქ სადაც საავადმყოფო იყო, ამოქმედდა ჯინო ველნესი, მაღაზიები, რესტორნები და ა. შ. გვყავს სხვადასხვა ენოვანი გიდები. ბილეთის ღირებულება გახლავთ სკოლის მოსწავლეებისთვის 1 ლარი, სტუდენტისთვის 2 ლარი, ვიზიტორი საქართველოს მოქალაქე 5 ლარი, უცხოელისათვის 7 ლარი, ქართულ ენაზე გიდის მომსახურება 10 ლარი, უცხოურ ენაზე კი 20 ლარი.

 

 

სასტუმრო ”ჯინო ველნესის” აღმასრულებელი დირექტორი თეონა ჩოკოლაშვილი:

– მოგვიყევით სასტუმროს შესახებ:

 

– 38 ოთახი გვაქვს, არის სხვადასხვა ტიპის ნომრები. სასტუმრო ციხე სიმაგრის ტერიტორიაზეა და ინტერიერში იგრძნობა სიძველის ელემენტები, თუმცა თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. ტურისტების რაოდენობამ შარშანდელთან შედარებით მოიმატა. მომხმარებელს ვთავაზობთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს და ეს ნომრის საფასურში შედის. ფასები ორ ადამიანზე 165 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი საპრეზიდენტო ლუქსში 340 ლარია.

 

 

აუდიო ჩანაწერი

 

Audiorabati

 

 

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები