LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ბიუჯეტიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, 14 მლნ ლარი დაიხარჯება – ოთარ შამუგია

185
ღვინო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებისა და პოტენციალის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომ ღვინის ექსპორტის შარშანდელი რეკორდული მაჩვენებელი მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

„ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა იმის შედეგია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავგეგმოთ რაც შეიძლება მეტი ღონისძიება იმ პრიორიტეტულ ბაზრებზე, სადაც ჩვენი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. მომავალ წელს, მხოლოდ ბიუჯეტიდან, 14 მლნ ლარი დაიხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ბაზარზე, ჩინეთში. ამ მიმართულებით, აქტიურად ვიწყებთ საქმიანობას სამხრეთ კორეაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკისა და იაპონიის ბაზრებზე ექსპორტის დაახლოებით 40-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება, რათა ქართული ღვინო მეტად პოპულარული გახდეს. მეწარმეებს კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით, რომ შეძლონ ქვეყნიდან ექსპორტზე მეტი პროდუქციის გატანა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართული თხილის სექტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თხილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურა და ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მისი თქმით, ამ სექტორში ქვეყნის მასშტაბით ათასობით ფერმერია დასაქმებული, აქედან უმრავლესობა – დასავლეთ საქართველოში.

„შარშან დაახლოებით 115 მლნ დოლარის ღირებულების ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე მოდის. მიმდინარე წელს ჩვენ ვაკვირდებოდით სექტორში მიმდინარე პროცესებს. კლიმატურმა პირობებმა, ასევე სხვა გარე ფაქტორებმა, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ხდებოდა, გამოიწვია ის, რომ ვერ მივიღეთ იმ რაოდენობისა და ხარისხის მოსავალი, როგორიც შარშან იყო. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ შეძლეს სათანადო წამლობის განხორციელება; ამას დაემატა მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება და ფასები, რის გამოც ჩვენს ფერმერებს შემოსავალი შეუმცირდათ“, – აღნიშნა შამუგიამ.

magti 5g