LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართულის“ ფოტოგრაფები პროექტის კულისების შესახებ – „ვიღაც ტირის, ვიღაც ვიღაცას ამშვიდებს…“

1085
Без-имени-1

მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი „მთავარ არხზე“ მიმდინარეობს. წინ ნახევარფინალური და ფინალური ტურებია და რასაკვირველია, კულისებს მიღმა ემოციები სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყველაზე კარგად მათ „დაჭერას“ პროექტის ფოტოგრაფები, ზაქარია ჭელიძე და ნათათო ასანიძე ახერხებენ. დღეს სწორედ პროექტის კულისებში მომუშავე, „მომენტების საუკეთესო დამჭერებს“ წარმოგიდგენთ.

ზაქარია ჭელიძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მისი ფოტორეპორტაჟებს ხშირად გთავაზობთ, მის შესახებ სტატიაც გამოვაქვეყნეთ, სადაც გიყვებოდით, როგორ მუშაობდა აშშ–ში სხვადასხვა ვარსკვლავის გადაღებაზე, მათ შორის იყვნენ მაილი საირუსი, კიანუ რივზი, უილიამ დეფო და სხვანი.

ზაქარია უკვე მეორე სეზონია, „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეებს იღებს.

ზაქარია ჭელიძე:

”მხოლოდ ქართულს“ მეორე სეზონიდან ვიღებ. ძალიან მიყვარს ყველაფერი ქართული და თავად დავინტერესდი ამ პროექტით. ძალიან მომეწონა, რომ კონკურსანტებს ქართველი დიზაინერები აცმევდნენ. მოკლედ, ვიფიქრე, რომ მნიშვნელოვანი გადაღებები იქნებოდა.

„მხოლოდ ქართული“ როგორი პროექტია შენთვის?

ის პროექტია, საიდანაც ბევრი რამ გავიგე ქართული მუსიკის შესახებ, მათ შორის კომპოზიტორებისა და სიმღერების შესახებ, მანამდე ბევრი რამ არ ვიცოდი. ასეთი ფორმით და მუსიკალურად ასე გაკეთებული, ექსპერიმენტული სახით, ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესოა, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის – წლები გადის და რაღაცები უნდა შეიცვალოს, რაც 40 წლის წინ ისმინებოდა, იმავე ფორმით ვეღარ მოვისმენთ. ქართული სიმღერის პოპულარიზებაში დიდი წვლილი შეაქვს. ახლა მეც მაქვს ბევრი საყვარელი ქართული სიმღერა, ისევე, როგორც შოუს დიდ აუდიტორიას. მეც მეღიღინება ქართულად (იღიმის).

თუ იციან ქართველმა ვარსკვლავებმა და მომავალმა ვარსკვლავებმა, რომ უცხოელი ცნობილი სახეებიდან ბევრი მოხვედრილა შენს ფოტოობიექტივში?

(იღიმის) თავიდან ალბათ არა, რადგან თავად არ ვსაუბრობ ამის შესახებ. მერე იგებენ ხოლმე, სავარაუდოდ. ჩემთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია და ვერ ვანსხვავებ. აშშ–ში ცხოვრებისას ბევრი უცხოელი ვარსკვლავი გადამიღია, მათ შორის მაილი საირუსი, რომლის კონცერტის ვიპბილეთი მქონდა და კულისებში მუშაობის საშუალება მქონდა, სხვათა შორის, რაც იქ მინახავს კულისებში, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის – ჩაცმიდან დაწყებული, მაკიაჟი, ჩაცმის სტილი, ხალხთან ურთიერთობა, ეს პირველ ადგილზეა და ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის. მათთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვთ ფოტოგრაფებსა და ვიდეოგრაფებს, იციან, რომ ამ პროფესიის ადამიანების გარეშე, პოპულარობის მიღწევა და შენარჩუნება არც ისე მარტივი იქნებოდა… გადამიღია ასევე რიკი მარტინი, ტონი ბენეტი. მსახიობებიდან კიანუ რივზი, უილიამ დეფო, კეტრინ ზეტა–ჯონსი, ანტონიო ბანდერასი და ბევრი სხვა.

შავ–თეთრი ფოტოების ოსტატი ხარ. რატომ გიყვარს ადამიანების შავ–თეთრად გადაღება?

ცოცხალ ემოციებს ვეძებ და ამას დავსდევ კულისებიდან თუ სცენაზე. ფერადშიც გადამიღია ძალიან ბევრი, თუმცა დღის განწყობის ამბავია ხოლმე. „მხოლოდ ქართულის“ წინა სეზონი მთლიანად შავ–თეთრ ფოტოებში ავსახე, ახლა ფერადიც სჭირდებათ და ამიტომ ფერადებსაც ვიღებ…

კამერასთან ყველაზე საუკეთესოდ მონაწილეებიდან ვინ მუშაობს?

ამ სეზონზე მარიამ მახათაძე და ლიკა ლოლომაძე მომწონდა ძალიან, მათ უკვე დატოვეს პროექტი. არავის არ მინდა, გული დავწყვიტო, ყველაფერს კამერით ვუყურებ, ასე ვთქვათ, ამიტომ ანა ქურთუბაძის გადაღება ძალიან საინტერესოა. ფოტოგენურობითა და ხასიათით ანა არის ჩემი ფავორიტი, უკვე შევთანხმდით, რომ პროექტის შემდეგ მას აუცილებლად გადავიღებ.

ჟიურის წევრებიდან ყველაზე მეტი ფოტო ვისი გაქვს?

ზოგადად, სტეფანესთან მიმუშავია ბევრჯერ. ხშირად იყენებს ჩემს გადაღებულ ფოტოებს ბანერებზე… „მხოლოდ ქართულში“ უფრო მეტად მონაწილეებს ვიღებ ხოლმე.

კულისებს მიღმა რა ხდება საინტერესო?

ყველაზე საინტერესო სწორედ იქ ხდება. პირდაპირი ეთერისას ვერაფერს დამალავ, მაგრამ კულისები კიდევ უფრო საინტერესოა – როგორ ნერვიულობენ, ვიღაც ტირის, ვიღაც ვიღაცას ამშვიდებს. კულისებში ყველაფერი ძალიან ბუნებრივია, ამიტომაც ვცდილობ, სულ იქ ვიყო, იქ არის ყველაზე გულწრფელი ემოციები…

ნათათო ასანიძე კიდევ ერთი ფოტოგრაფია, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეებს სცენაზე და მათ მიღმა, ასევე ჟიურის წევრებსაც იღებს. ნათათოსთვის ეს განსაკუთრებული პროექტია, რადგან მას პირველი სეზონიდან მოჰყვება და კარიერაში ტრამპლინის წერტილად მიიჩნევს…

ნათათო ასანიძე:

„მხოლოდ ქართულში“ უკვე მესამე სეზონია, ვმუშაობ. გიორგი უშიკიშვილმა გამიწია რეკომენდაცია. პირდაპირი ეთერის რეჟიმში არ მიმუშავია და ჩემთვის საინტერესო გამოწვევა გახლდათ. პირველ რიგში, საინტერესო ადამიანებთან მუშაობა იყო გამოწვევა, გარდა ამისა, თავად მუშაობის პროცესია კარგი. ეს არის წარმატებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში.

„მხოლოდ ქართულის“ ფოტომემატიანე ყოფილხარ…

ასე გამოდის (იღიმის).

რა განსხვავებაა ახალბედა და უკვე  ცნობილი მომღერლების გადაღებას შორის?

რა თქმა უნდა, ფოტოკამერასთან ბევრად მარტივად მუშაობენ ცნობილი და გამოცდილი ადამიანები. თავიდან ცოტათი რთულია ხოლმე დამწყებ მომღერლებთან მუშაობა გადაღებისას. მათ ყველაფერი სასწავლი აქვთ, მათ შორის, კამერასა და ფოტოკამერებთან ურთიერთობა. თავიდან ცოტა სასაცილოა ხოლმე, შემდეგ იხვეწებიან და კარგად გამოსდით. მე მყავს ხოლმე ფავორიტი კონკურსანტები, რომლებთანაც საუკეთესოდ ვმუშაობ. პროექტის დასრულების შემდეგაც გვაქვს ხოლმე საქმიანი ურთიერთობა. მაგალითად, პროექტის შემდგომ გადავიღე ნუცა თოფურია და ვფიქრობ, საინტერესო ფოტოსესია გამოგვივიდა. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. თავიდანვე, როცა გავიცანი, თავად შევთავაზე. მივხვდი, რომ კარგად ვიმუშავებდით.

შენც, როგორც ყველა ფოტოგრაფს, გეუბნებიან, მაღალი და გამხდარი გამოგვაჩნეო?

(იღიმის) სხვათა შორის, არა. თუკი ასეთ რაღაცას მეუბნებიან, უფრო ხუმრობით ვიღებ ხოლმე.

ამ მონაწილეებიდან ყველაზე ფოტოგენური რომელი მონაწილეა?

ჩემი აზრით, ყველაზე ფოტოგენური გახლავთ ნინი შონია, თუმცა ყველაზე დიდი სურვილი მაქვს, რომ ანა ქურთუბაძე გადავიღო ფოტოსესიაში. ფოტოგრაფისთვის საინტერესო სახეა. ზოგადად კი, ყველა კონკურსანტს, ვინც დარჩა, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი.

როგორც მაყურებელს, როგორი დამოკიდებულება გაქვს „მხოლოდ ქართულის“ მიმართ?

ქართული სიმღერა შემაყვარა. მესამე სეზონია, ამ პროექტზე ვმუშაობ და ქართულს დიდი დოზით ვუსმენ. ეს კი ამ პროექტის დამსახურებაა. ყოველ ტურს ინტერესით ველოდები, რას შემოგვთავაზებენ და სიმღერების როგორი ვერსიები იქნება.

ჟიურის წევრებიდან ყველაზე მეტი ვისი ფოტო გაქვს გადაღებული?

სოფო ნიჟარაძის (იღიმის). მასთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი კომფორტია. იმდენად კარგად მუშაობს კამერასთან, ძალიან მიყვარს მისი გადაღება. სხვადასხვანაირი ფოტო გამოდის და ველოდები ხოლმე, როდის დადებს ჩემს გადაღებულ ფოტოს, რიტუალივით არის. ლელას ფოტო ბევრი არ მაქვს გადაღებული, მაგრამ მასთან მუშაობაც საინტერესოა.

აქამდე სატელევიზიო პროექტებზე გიმუშავია?

გადამიღია „ნანუკას შოუ“, „ვანოს შოუ“… „ლიგ სტუდიოში“ დავიბადე და გავიზარდე, როგორც ფოტოგრაფი. ვიღებ ყველაფერს, მაგრამ „მხოლოდ ქართული“ ჩემთვის სერიოზულ გამოცდილებასა და ტრამპლინს უკავშირდება. ამ პროექტმა ძალიან გამზარდა, ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g