„არ ვემხრობი, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს“, – ამის შესახებ ექიმმა და პოლიტიკოსმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის შემზღუდავ ღონისძიებებსა და ეკონომიკური შედეგების კავშირზე საუბრისას კალოიანმა აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარების რეალური კონტროლი და მართვა. მისი თქმით მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი დამატებით შეზღუდვებზე.
„პირველი რიგის ამოცანაა დავაწესოთ რეალური კონტროლი დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დამატებით შეზღუდვებზე ვიფიქროთ, იმიტომ, რომ ყველა დამატებითი შეზღუდვა თავისთავად ნიშნავს, მეტ სიღარიბეს, ნაკლებ ჯანდაცვას, ნაკლებ ჯანმრთელობას. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული მინიმალური რეგულაციის – დახურულ სივრცეში შეკრების ადგილებში ნიღბის გამოყენების კონტროლი“,-აღნიშნა კალოიანმა.
ვახტანგ კალოიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
„არ ვემხრობი, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ გამოგვიყენებია მთავარი რესურსი – დარწმუნების, ახსნის, განმარტების, მათ შორის სამედიცნო პერსონალთან. არამგონია, რომ სავალდებულო ვაქცინაციამ გარკვეული სტრატეგიული ეფექტი მოგვცეს, თუ მოქალაქემ არ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.
„ფორტუნას“ კითხვაზე – ფიქრობს თუ არა, რომ ბავშვების ვაქცინაცია უნდა დაიწყოს, კალოიანი პასუხობს, რომ ამისთვის ქვეყანა მზად არ არის.
„ვაქცინირებული ადამიანების ასაკი უნდა შემცირდეს, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციას ვერ ვახერხებთ, არათუ ბავშვების. პირველი რიგის პრიორიტეტი მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციაა. ბავშვებშიც რისკი მაღალია და ამაზე ფიქრის დაწყება აუცილებელია, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვაგვარებთ, ქვეყანა ამისთვის მზად არ არის, ამიტომაც ამ ეტაპზე ალბათ სრულად არარეალურია ბავშვების ვაქცინაციის დაწყება, თუმცა ცუდი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს“, – განაცხადა კალოიანმა.
მისი პროგნოზით, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს და ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირდეს სწრაფი და აქტიური ტესტირებაა.
„ამ ტემპის შემცირების გზა არის სწრაფი და აქტიური ტესტირება, რეალური კონტროლი პისიარ ტესტით საზღვარზე და ყველა იმ აქტიური ჯგუფის, რომელსაც უწევს სარისკო ადგილებში ყოფნა. ასევე, ინფიცირებული მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება. ამ ეტაპზე, ეს არის გამოსავალი.
რათქმაუნდა ამის პარალელურად მუდმივი რუტინული მოსაბეზრებელი შრომა ინფორმირებასთან დაკავშირებით. ეს ვერ შემოიფარგლება ტელევიზიებში გასული „კლიპებით“ და საეჭვო ნდობის მქონე პრემიერ-მინისტრის მოწოდებებით, რომ უნდა ავიცრათ“,-აღნიშნა კალოიანმა.