ჩემი ქვეყნისთვის, მართლმადიდებლობისთვის, სარწმუნოებისთვის მე მზად ვარ, რომ ციხეში კი არ წავიდე, საკუთარი სიცოცხლეც შევწირო! მე ასე გამზარდეს! – ამის შესახებ MMA-ის მებრძოლმა და სახალხო მოძრაობის დამფუძნებელმა, გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რას გულისხმობს მაშინ, როცა ამბობს, რომ „ქართველობის, მართლმადიდებლობის დასაცავად მზად არის, რომ ციხეში წავიდეს“.
ქართველიშვილის განმარტებითვე, ახლა მათი მოძრაობის „გვერდით დადგომა ქვეყნის გვერდით დადგომას ნიშნავს.“
„ჩვენს გვერდით დადგომა ნიშნავს ქვეყნის გვერდით დადგომას. რომელი ჩვენგანი – აქ ვინც ვსხედვართ და თუნდაც მე – მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, 6 წლის ასაკიდან ვემსახურები ჩემს საქართველოს. არასოდეს რინგის თუ ოქტაგონის გარეთ, თუ ადამიანს მომიყვანთ, რომ მე ოდესმე ვინმესთან დაპირისპირება, კონფლიქტი მქონია, ძალა მიხმარია ვინმეზე, საზოგადოების წინაშე ბოდიშს მოვიხდი! არასდროს მე მსგავსი დამოკიდებულება არ მქონია, პირიქით. მინდა, რომ ქართველებში და ახალგაზრდებში იყოს ჯანსაღი აზრი, სადაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული არის ჩვენი რელიგია. მე ოჯახში აღზრდილი ვარ და თითოეულ ჩვენგანს ოჯახში გვასწავლიდნენ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ქართველიშვილმა.
კითხვაზე, რომელიც კომიკოსი ონისე ოქრიაშვილის საქმეს შეეხებოდა, ქართველიშვილმა უპასუხა, რომ ხუმრობა ქართველებზე და ეკლესიაზე მათთვის ხუმრობა არ არის.
„ვხედავთ, რომ ონისე ოქრიაშვილი, ბინძურ რამეს ემსახურება, გამომდინარე იქიდან, რომ ხუმრობს ეკლესიებზე – არ არის ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის ხუმრობა. ჩვენ ვნახეთ, რომ წმინდანის სახელზე ხუმრობს, ეს არის ამაზრზენი და ახალგაზრდებს თავის ბინძურ იდეოლოგიას ახვევს, რაც ახალგაზრდული, ეროვნული და მართლმადიდებლური არანაირად არ არის“, – განაცხადა ქართველიშვილმა.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ამ მოძრაობას ისეთი, რასაც პოლიცია არ აკეთებს და რას გულისხმობენ მყისიერ რეაგირებაში, ქართველიშვილმა უპასუხა: „გარკვევით ვთქვი, რომ ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და მზად ვართ, თუ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სარწმუნოებას [სჭირდება].“
„ჩემი ქვეყნისთვის, მართლმადიდებლობისთვის, სარწმუნოებისთვის მე მზად ვარ, რომ ციხეში კი არ წავიდე, საკუთარი სიცოცხლეც შევწირო! მე ასე გამზარდეს“, – განაცხადა ქართველიშვილმა.
ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა.
