გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელის, თამარ კორძაიას განცხადებით, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში არ ჩაერთვება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი მმართველი პარტიის ფარსში მონაწილეობას, არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებენ.
“ქართულმა ოცნებამ” წაგვართვა არჩევანი, მან ქვეყანას წაართვა კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა და დაგვანახა, რომ მზად მხოლოდ ერთპარტიული მმართველიბისთვისაა. ისინი ცდილობენ ვითომ შეისწავლონ საკითხი, მაგრამ რელობა სხვა რამეა – ცესკოს მინაცემებით, შესწორების ოქმი 1146 უბანზე შედგა. ვისაც რაიმის გამოძიების სურვილი აქვს, აი ამაზე, შეუძლიათ იმსჯელონ. ოპოზიციამ შემაჯამებელ ოქმებზე 755 საჩივარი შეიტანა, აი ეს საჩივრები შეისწავლონ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. ნათელია, რომ “ოცნება” ის ძალა არაა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეების დაკვეთას შეასრულებს,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისივე თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ნახევარი აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, რის რეალურ შესაძლებლობასაც კორაძაიას განცხადებით, ვერ ხედავს.
„ვინ ეყოლებათ ოპოზიციიდან? – პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, რომელებმაც ძალიან მსუბუქად მიიღეს ხელისუფლების თავდასხმა არათუ ოპოზიციაზე, არამედ არასამთავრობო სექტორზე და რომლებმაც, საბოლოოდ, დაამტკიცეს, რომ მათი შედეგები 8%-თან დაკავშირებით სრულად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო,” – აღნიშნა თამარ კორძაიამ და დასძინა, რომ თუ მმართველ ძალაში ასეთი ოპოზიციური ძალებით ფიქრობენ კომისიის შექმნას, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ ცდილობს, თითქოს, შეისწავლოს საკითხები და მის მიერ მოტყუებულ ამომრჩეველს ობიექტური სახით ელაპარაკოს.
შეგახსნებთ, რომ 8 თებერვალს პარლამენტის ბიურომ, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საკითხი, მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა. ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა – ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში, წინნააღმდეგ შემთხვევაში, თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიაში ჩათვლიან, რომ მათი მხრიდან ბრალდებები აღარ არსებობს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებსაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ჰყავდათ. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“