„ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როცა გრძნობდნენ, რომ ეს იყო ეგზისტენციალური საკითხი და ის სასწორზე იდო. დღეს ეს ხდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში მიმდინარე პროტესტი არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა:
„საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამის ბევრი მიზეზია, არადა, ამასთან დაკავშირებითაც სიტუაცია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი არაა, პირიქითაა. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როცა გრძნობდნენ, რომ ეს იყო ეგზისტენციალური საკითხი და ის სასწორზე იდო. დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს – დამიბრუნე ჩემი ხმა იმიტომ, რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა, დამიბრუნე მომავალი და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი, და ასევე, მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა, თავისი არსით, იმიტომ, რომ არ არსებობს მოთხოვნა ამისა. მოთხოვნაა დავუბრუნდეთ ხელახალ არჩევნებს, მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ სად არის იმ ადამიანების ნება, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ, რომ ეს დემოკრატიულად, კენჭისყრის სახით მოხდეს“,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, უკვე 21 დღეა საზოგადოება პროტესტს ქუჩაში გამოთქვამს. მისი განცხადებით, პროტესტმა საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა. როგორც პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა“:
„გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვეული გაგებით, დამოუკიდებლობის წართმევას. უკვე 21 დღეა ხალხი ქუჩებშია. საინტერესო მოძრაობაა, რომელიც თავდაპირველად ღამით დაიწყო. შემდეგ, დღის განმავლობაში საზოგადოების ყველა ფენა გამოვიდა და ახლა მოძრაობა მთელ საზოგადოებას მოიცავს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მხოლოდ 21 დღე. ეს საპროტესტო აქციები გაიმართა არჩევნების შემდეგ, ეს საპროტესტო აქციები გაიმართა გაზაფხულზე, ეს პროტესტი გაიმართა, როდესაც მეორედ შემოიღეს რუსული კანონი. პროტესტი ყოველთვის იყო საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა საფრთხეს მათი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის წინაშე.ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია. საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ერთ მხარეს არსებობს „ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი“.
„საქართველოს ორი ნაწილი არ არსებობს. ჩვენ შეიძლება სამოქალაქო კონფრონტაციისკენ მივდიოდეთ. ორი მხარე არ არის. ერთ მხარეს არის საქართველოს ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი. მინდა გითხრათ, რომ მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა და რატომ? იმიტომ, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს, ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები დამოუკიდებლობის შემდეგ. აი. ამ რიცხვებს გვანახებს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ სურთ, რომ რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს მათი ოცნების, ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ.
ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც, ნათლად ვერ დავინახე, „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის 29 ივნისს გავრილოვის ინციდენტის დროს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ეს ძალიან უცნაური ინციდენტი იყო, მაშინ „კოვიდი“ მძვინვარებდა და დავიწყებული იქნა ეს ინციდენტი. შემდეგ მოხდა შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფა. ეს იყო კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იმისა, რომ რეფორმებისგან დაშორება ხდებოდა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვდა და სხვა მიმართულებით ხდებოდა მოძრაობა. შემდეგ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომი დაიწყო, 24-ში დაიწყო აქტიურად რუსული აგრესია. პრემიერ-მინისტრი მივიდა საქართველოს 1921 წლის რუსული ოკუპაციის მონუმენტთან და იქ განაცხადა, რომ ვციტირებ – „საქართველოს არ აქვს განზრახვა, ჩაერთოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. ეს ემყარება ჩვენს ეროვნულ ინტერესს“. არავითარი სანქციები იმ დროს არ შესულა ძალაში. შემდეგ იყო 2023 წელი, პირველი „რუსული კანონის“ წარდგენა. შემდეგ რუსული რიტორიკა მოჰყვა უკრაინასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ადანაშაულებს, რომ მან მოახდინა პროვოცირება ომის გაგრძელებისა თუ არა მისი დაწყების. შემდეგ მოდის, 2024 წელს მეორე „რუსული კანონი“, შემდეგ რუსული რიტორიკა. შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი მმართველის ივანიშვილის გამოსვლა მოჰყვა, რომელიც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდა და ევროპელ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ყველაფერში ადანაშაულებდა. ამ პერიოდში ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, [გვესმის] ანტი-ლგბტ საუბრის მრავალი ბრალდება იმის თვალსაზრისით, რომ ამერიკა და ევროპა აპირებენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ღირებულებები წაგვართვან. წაგვართვან ჩვენი თვითმყოფადობა. ამასთან დაკავშირებით თქვენ ძალიან ბევრი გსმენიათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.
პრეზიდენტის სიტყვა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზეპრეზიდენტის სიტყვა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2024
პრეზიდენტის განცხადებით, ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების დროს 2 პრინციპი დაირღვა:
„ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული იყო, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე იყო გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე. დაგეგმილი იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. სრული კონტროლი გადაეცა ცესკოს. იმ ადამიანებს, ვისაც ცესკო ნიშნავდა, დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ, იყვნენ ხელისუფლების მიერ დანიშნულები. ხმის ელექტრონული კენჭისყრა სპეციფიკურად იყო შემუშავებული, კონტროლის გარეშე.
საუბარი იყო, რომ მოპარული იყო ევროპელი მოხუცების პენსიები, ასევე „ქოლცენტრების“ საკითხები იდგა – 3500 „ქოლცენტრის“ საკითხი. დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუსული სტილის პროპაგანდა, პლაკატები იყო, სადაც ერთ მხარეს იყო უკრაინაში განადგურებული ეკლესიები და თეატრები, მეორე მხარეს კი, აყვავებული საქართველოს გამოსახულება. ამან იმდენად შოკში ჩააგდო საქართველოში საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი. ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი, რუსული კვალი ეტყობოდა.
ასევე ფაქტები იყო: „ოპოზიციას სურს მთავრობა დაამხოს“, „ისინი უნდა გაუქმდნენ არჩევნების შემდეგ“, „ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს არჩევნების შემდეგ”, „ლიდერები უნდა იყვნენ დაპატიმრებულები“. დიდი რაოდენობით „შავი ფული“ იყო გამოყენებული. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა ოქტომბრის არჩევნების დროს. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს. მე მაგალითად, ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ხორციელდებოდა. დავურეკე შს მინისტრს და ვერ ვერც მობილურით და სამთავრობო ქსელით. ვერც მიs მოადგილეებს დავუკავშირდი, მანაც არ გადმომირეკა.
2 პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს. ეს არის საკმარისი, რათა ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი იქნებოდა განსხვავებული. მილიონი წევრი დიასპორის მხრიდან სტრასბურგშია. სტრასბურგი ძალიან კარგი შემთხვევაა, აქ არ გაიხსნა უბანი, სტრასბურგში ბევრი ქართველია. მთლი დიასპორა მობილიზებული იყო, იცოდნენ არჩევნები წყვეტდა რუსეთისკენ გზას ან ევროპისკენ. ასევე ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი – ელექტრონული სისტემები იყო გამოყენებული, პარტიული კამერები უყურებდა საარჩევნო მანქანებს.
ამ ყველაფერზე სარჩელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვქონდა, რომ ზოგიერთი მოსამართლე გაიგებდა და გაათვითცნობიერებდა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა ეს იყო. შედეგები გაყალბებული იყო, კონსტიტუციურად უნდა დანიშნულიყო არჩევნები. იმედი არ გამართლდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გაცხადებულია, რომ ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ღრმა კრიზისზე“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ტაშით შეხვდნენ. ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფეხზე წამოუდგნენ, მათი ნაწილს კი ხელში საქართველოს დროშები ეჭირა. გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს კიდევ ერთხელ მიმართა. „ჩვენ ველით ევროპის შემოსვლას ამ პროცესებში, რომ დავიცვათ საქართველო და ევროპული ღირებულებები ერთად“,- განახადა სალომე ზურაბიშვილმა.