საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ომბუდსმენთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის წევრების „ვივამედში“ მისვლით მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი დარჩა.
მისივე თქმით, რაც შესაძლებელი იყო, კონსილიუმის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს და შესაბამისი დასკვნებიც აქვთ.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ნინო ლომჯარიას, რომელმაც გუშინ კონსილიუმის წევრები მოიყვანა. კმაყოფილი დარჩა ჩემი შვილი, მადლობელი იყო. მოვისმინე მათი საუბარი, მათი კომენტარები. მეც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სწორი იყო, რასაც ისინი ამბობდნენ. ველოდებით სასამართლოს.
რაც სჭირდებოდა, რაც შესაძლებელი იყო, აქ გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა და თავისი დასკვნები აქვთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ვივამედში“ ყოფნისას.
კითხვაზე, კლინიკაში დაუსვეს თუ არა სააკაშვილს კახექსიის დიაგნოზი, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე სასამართლომ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.
„არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ, ფორმა ასი შეივსება და ჩაიწერება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო.
ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს. არ ვიცი სასამართლო პროცესს როდის ჩანიშნავენ, არ ვიცი რას ელოდებიან, უკვე წელიწადი და მესამე თვე გავიდა, ეს საკითხი რით ვერ შეისწავლეს?! ხომ შესწავლილია ყოველი მხრივ?!“, – განაცხადა ალასანიამ.