LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე… შევთანხმდით, რომ მოგონილ საგამოძიებო კომისიასთან აქ მსხდომი პარტიებიდან არცერთი არ ითანამშრომლებს…“ – რა განცხადებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

420
ბადრი ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, თინა ბოკუჩავა

„უნდა გამოვაჩინოთ, რომ ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე“, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრაზე მყოფი ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ „ქართული ოცნების” მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიასთან არავინ ითანამშრომლებს:

„პრეზიდენტმა მოგვახსენა, რა ხდებოდა მიუნხენში იმიტომ, რომ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს დასავლეთთან დალაგება, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი – ეს აუცილებლად იქნება ცვლილების ერთ-ერთი კომპონენტი. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ ამ მოგონილ საგამოძიებო კომისიაში აქ მსხდომი პარტიებიდან არც ერთი არ ითანამშრომლებს. ეს არის ის შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ და ამას გარდა, ცვლილებას როგორ მივაღწიოთ, ეს განვიხილეთ. ჩემი პოზიცია ის იყო, რომ მნიშვნელოვანია, აქცია გაგრძელდეს ქუჩაში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთისგან გაგრძელდეს იზოლაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ეს პრეზიდენტის შეხვედრები ხელს უწყობს, არის ის, რომ გამოვაჩინოთ, ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მთავარი თემა მიუნხენის კონფერენციაზე გამართულ შეხვედრებს ეხებოდა.

„შეხვედრაზე საუბარი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტზე, მის შეხვედრებზე მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. ზურაბიშვილმა მათ დეტალურად გააცნო ის ვითარება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო ხანებში შეიქმნა. კრიზისის სიღრმე, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ეს იყო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ისაუბრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზურაბიშვილს სახეზე დაზიანება აღენიშნება.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა თინა ბოკუჩავამ:

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არის ის, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ.

ბოკუჩავამ სურვილი გამოთქვა, რომ საერთო ოპოზიციური ფორმატი სხვა ერთობლივი გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

magti 5g