საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შესახებ, პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები:
“აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც მსოფლო პანდემიას უკავშირდება. პრემიერმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებისთვის ვაქცინების სამართლიანად გადანაწილების მნიშვნელობაზეც:
“პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს, რათა ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.” – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
შარლ მიშელი უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა: სალომე ზურაბიშვილი
ის ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებსაც.