იქიდან გამომდინარე, რომ არის საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა აქციების მშვიდობიან განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ასეთი შემთხვევებისთვის მნიშვნელოვანია იყოს კოორდინირებული და დროული კომუნიკაცია აქციის ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
“ბატონი ვაშაძე სრულიად იზიარებს ჩემს პოზიციას, რომ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ის ემხრობა მხოლოდ სამართლებრივ ბრძოლას და ეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი.
მიმაჩნია, რომ როდესაც ასეთი ვითარებაა, უნდა იყოს დროული კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აქციის ორგანიზატორების მიმართ. საჭირო იყო დროული გაფრთხილება იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო ვითარების ესკალაცია. ამის გამო იყო საყვედური, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახალხო დამცველის მანდატი მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს გამოხატვის, შეკრების, მანიფესტაციების დაცვას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიციის უსაფრთხოება და ზოგადად, უსაფრთხოება, მათ შორის აქციის მონაწილეებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი შემთხვევებისთვის იყოს კოორდინირებული და დროული კომუნიკაცია აქციის ორგანიზატორებთან”,- განაცხადა ლომჯარიამ.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, აქციის მონაწილეებისთვის გადაადგილების შეზღუდვის საკითხს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს. “ჩვენ ვსწავლობთ, რამდენად კანონიერი და პროპორციული იყო ის შეზღუდვა, რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცათ კონკრეტული გზით გადაადგილების შესაძლებლობადა ასევე ალტერნატიული გზით რამდენად იქნებოდა მიღწევადი იგივე მიზანი, რომ ადგილზე გაემართათ მშვიდობიანი მანიფესტაცია”,- განაცხადა ლომჯარიამ.