კომერციულ ბანკებს უცხოელების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაეზარდათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მიიღო.
სებ-ის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში შემოსული კაპიტალი, შესაძლოა, დროებით ხასიათს ატარებდეს და არამდგრადი იყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ისინი განსხვავებული სახით იყოს ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებში ასახული. ამიტომაც სებ-მა ამ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაზარდა.
„ფინანსურმა კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, თუ წინა წელს აღნიშნული თანხები ბანკების მიერ ძირითადად ლიკვიდურ აქტივებში ინახებოდა, 2023 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა ამ თანხების გამოყენება ძირითადად სხვა, შედარებით ძვირი რესურსის გასტუმრებისთვის. ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას, შესაძლოა, დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.